ჟილბერტო დუარტე

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში „პორტუ” შინ კარგად თამაშობს — „მონპელიესთან” შეხვედრამდე 3 მატჩიდან 5 ქულა ჰქონდა და გიორგი ცხოვრებაძის გუნდის დამარცხების შემთხვევაში კიდევ უფრო მყარად დადგებოდა ფეხზე.

ანგარიში მართლაც „პორტუმ” გახსნა, მაგრამ შემდეგ 6 წუთში ფრანგების დაცვა ანთებულ მასპინძლებს მტკიცედ დაუდგა, პორტუგალიური კლუბის ყოფილმა მოთამაშემ ჟილბერტო დუარტემ კი ორი გოლიც გაუტანა და ამ მონაკვეთში „მონპელიე” 5:0 გაიქცა ანუ ანგარიში გახდა 1:5.

მოვლენებს წინ გავუსწრებთ და ვიტყვით, რომ დუარტემ ამ შეხვედრაში თავის ყოფილ გუნდს ორი ქულა გამოგლიჯა ხელიდან, თუმცა ამაზე ოდნავ ქვემოთ.

„პორტუ” თამაშში მწვრთნელის მაგნუს ანდერსონის დროულმა წუთშესვენებამ დააბრუნა — 14 წუთის შემდეგ ანგარიში 7:7 გახდა.

საინტერესოა, რომ ანდერსონს შეტევების დროს მეკარე გაყავდა და მის ნაცვლად დამატებითი მობურთალს ათამაშებდა რათა რიცხობრივი უპირატესობით ესარგებლა. ეს ძალიან სარისკო იყო. „მონპელიემ” მეტოქეს სამ ეპიზოდში ჩაუჭრა კიდეც ბურთი, მაგრამ… ცარიელ კარში ხეირიანად ვერ დაუმიზნა. პირველი ტაიმი პორტუგალიელებმა მოიგეს 11:10.

სტატისტიკა მეტყველებს, რომ შესვენებამდე, 7 წუთში, „მონპელიემ” 5 გოლი გაიტანა — იმდენივე, რამდენიც დარჩენილ 23-ში. სხვა სიტყვებით, ფრანგული გუნდი სერიოზულ ჩამორჩენას დაცვაში ძლიერმა თამაშმა გადაარჩინა.

მეორე ტაიმის 20 წუთში ექვსჯერ შეიცვალა ლიდერი — ხან ერთი გუნდი გადიოდა წინ და ხან მეორე. საუცხოოდ თამაშობდნენ მეკარეები.

კულმინაციური კი ბოლო წუთი გამოდგა, როდესაც „პორტუ” ბოლოჯერ დაწინაურდა. თან, მოხდა ისე, რომ თამაშის დამთავრებამდე 30 წამით ადრე ბურთიც მისი იყო, მაგრამ ზემოხსენებულმა დუარტემ ყოფილ თანაგუნდელებს პასი ჩაუჭრა, შეეუტია და ანგარიში გაათანაბრა – 23:23.

მატჩის შემდეგ „მონპელიეს” მარცხენა ინსაიდმა იონას ტრუხანოვიჩუსმა თქვა: „ორივე გუნდისთვის მძიმე მატჩი გამოდგა. იმთავითვე ვიცოდით, რომ დიდი ფიზიკური ძალისხმევა დაგვჭირდებოდა. „პორტუ” ძლიერი გუნდია და სწრაფად ვითარდება, პორტუგალიური ხელბურთი კი ლამაზი სანახავია”.

რაც შეეხება „მონპელიეს” მარჯვენა ინსაიდს, გიორგი ცხოვრებაძეს, ქართველი გულშემატკივრის სამწუხაროდ, ის ამ დღეს მოედანზე არ შესულა. როგორც ჩანს მწვრთნელმა პატრის კანაიემ მიიჩნია, რომ ამ თამაშში მონაწილეობა 18 წლის ყმაწვილისთვის, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში გვერდით ედგა და წუთშესვენებებზე მის თითოეულ სიტყვას საქმეში თხემით ტერფამდე ჩართული უსმენდა, მიზანშეწონილი არ იყო.

სადღეისოდ, B ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს გერმანული „კილი”. 7-7 ქულა აქვთ პოლონურ „კელცეს” და „მონპელიეს”.