საქართველოში ხელბურთელები სეზონს თასის გათამაშებით ხსნიან ხოლმე. ეროვნული თასის მეოთხე გათამაშება ქვეყნის ჩემპიონის, ბათუმის BSB-ს გამარჯვებით დასრულდა.

„შავი ზღვის ბიჭებისთვის” თასის ფინალში თამაში ჩვეული საქმეა — ოთხიდან სამში მიიღეს მონაწილეობა. მათ 2015 წელს 20:19 მოუგეს სტუ-ს და ჯილდოს დაეუფლენ, შარშან „პეგასთან” წააგეს 29:30, ხოლო წლეულს 27:20 ძლიეს „ქუთაისს”.

2019 წლის თასის გათამაშება დედაქალაქში, ჯემალ ცერცვაძის სახელობის სახელბურთო აკადემიაში გაიმართა. მეოთხედფინალში ბათუმელებმა მოუგეს „გორს” — 45:35; „იმედი-სტუმ” მოუგო „სამტრედიას” — 29:25; „პეგასმა” წყალტუბოს „პრომეთეს” — 43:24; „ქუთაისმა” „სპორტუნის” — 40:32.

ნახევარფინალური შეხვედრები ასე დამთავრდა: BSB – იმედი 34:21; ქუთაისი – პეგასი 41:32.

ფინალში კი საქართველოს სამგზის ჩემპიონმა დამაჯერებლად მოუგო ქუთაისელებს.

თასის გათამაშების შემდეგ ქართულ სახელბურთო ცხოვრებაში სანაკრებო პაუზა დგება. საქართველოს ეროვნული გუნდი მაკედონიაში მიემგზავრება, სადაც 25 და 26 ოქტომბერს ამ ქვეყნის ნაკრებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, როთაც ევროპისა და მსოფლიოს შესაჩევი შეჯიბრებებისთვის მოემზადება.