„გიბრალტარს არ გაუმართლა. ჩვენმა ფეხბურთელებმა მატჩის შემოტრიალება შეძლეს, მაგრამ მაინც დამარცხდნენ,“ – დაწერა ამ ჯუჯა ქვეყნის ყველაზე პოპულარულმა გაზეთმა Gibraltar Chronicle-მა მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა რის ვაი-ვაგლახით  მოახერხა და შეძლო თავს ლაფი აეცილებინა. ისე, ეს  კიდევ საკითხავია, მიუხედავად გამარჯვებისა ქართველი ფეხბურთელები სირცხვილს თუ გადაურჩნენ, რადგან გიბრალტარის ნაკრებთან თუნდაც სტუმრად 3:2 მოგება, თანაც მატჩის ბოლოს გატანილი გოლით გულშემატკივრებისთვის რამდენად უნდა იყოს სიხარულის მიზეზი.

დიახ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ჩვენს გიბრალტარელ კოლეგებს მისცა შესაძლებლობა ეს სიტყვები დაეწერათ და რაც უნდა გულზე მოსახვედრი იყოს, ამაში გადაჭარბებული არაფერია. ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში ვლადიმირ ვაისის გაწრთვნილმა გუნდმა მუსიკოსებით, ფოსტალიონებით, მეთევზეებით, პოლიციელებით და სხვა პროფესიის ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდთან, რომელთათვისაც ფეხბურთი უფრო ჰობია, ვიდრე სამსახური მეორე ტაიმი 1:2 წააგო.

ჰოდა, ამის შემდეგ მოდი და ნუ ვიტყვით, რომ საქართველოს ნაკრებს სტერეოტიპების მსხვრევა არ უყვარსო, მაგრამ სამწუხაროდ უარყოფითი კუთხით. არის ასეთი გამოთქმა, გამარჯვებულებს არ ასამართლებენო. მგონი, ვლადიმირ ვაისის შეგირდებზე ამას ვერ ვიტყვით. ეს სწორედ ის გამონაკლისი შემთხვევაა, ტაბლოზე საბოლოო ანგარიში რომ დაეწერა, სატურნირო ცხრილშიც 3 ქულა მიითვალე, მაგრამ ქომაგი თავს მაინც შეურაცხყოფილად გრძნობს.

ისე გაინტერესებთ მეორე ტაიმის 8 წუთიან მონაკვეთში ვისი გოლების შემდეგ მოუხდა გიორგი ლორიას საკუთარი კარიდან ბურთის გამოტანა? არ დაგზარდებით, ინებეთ ბატონო: გიბრალტარელთა კაპიტანი ლი კაშარო პროფესიით პოლიციელია და ყოველდღე ჩვეულებრივ სამსახურში დადი, ნაკრების თამაშების პერიოდში კი შვებულებას იღებს; 38 წლის როი ჩიპოლინა კი ჩვეულებრივი მებაჟეა.

საქართველოს ნაკრებს ხომ  „უყვარს“ და ეხერხება სხვისი ისტორიების წერა. უცებ რაც გვახსენდება მონტენეგროს ნაკრებია, რომელმაც უეფაში გაწევრიანების და შესარჩევ ტურნირებში მონაწილეობის დაწყების შემდეგ პირველი ქულები სწორედ საქართველოს ნაკრებთან მოიპოვა, ხოლო გიბრალტარული ფეხბურთის ახალ ფურცელზე ქვემოთ მოგახსენებთ.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში გიბრალტარმა აქამდე გოლის სიხარული რა იყო არ იცოდა, ხოლო საქართველოს ერთბაშად ორი გაუტანა. სხვათა შორის, ზოგადად მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ციკლში ასპარეზობის მანძილზე ამ ჯუჯა და მოყვარული ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ყველაზე მეტი გოლი სწორედ საქართველოს ნაკრებს გაუტანა. აქამდე, გიბრალტარის ნაკრებს ერთ ტაიმში ორი გოლი მხოლოდ ლიხტენშტეინისთვის ჰქონდა გატანილი და კიდევ ერთი – ლორიას კარში პირველ გოლამდე, გიბრალტარელებს 786 წუთი არ გაეტანათ.

საკმარისია? ბოღმისგან ყელში ბურთი არ გაგეჩხირება მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გიბრალტარელთა მწვრთნელი, რომ ამბობს, ეს ნამდვილი დრამა იყოო. ხოლო მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ ერთობ გულდაწყვეტილები დარჩნენ იმის გამო, რომ შესარჩევ ციკლში ისტორიულ ქულის მოპოვებამდე სულ ცოტა დააკლდათ… ამ შემთხვევაში ერთა ლიგას არ ვგულისხმობთ, სადაც მათ ერევანში სომხეთის ნაკრებს სენსაციურად მოუგეს.

მოკლედ, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევში მეორე გამარჯვება კი მოიპოვა, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ცვლის. საწყის 20 წუთში გიორგი ხარაიშვილის და ჯაბა კანკავას გოლების შემდეგ რომ გვეგონა გიბრალტარისგან ქვას-ქვაზე არ დავტოვებდით, საქართველოს ნაკრები საშვილიშვილო თავის მოჭრას გიორგი ქვილითაიამ გადაარჩინა.