18 წლისა იყო, როცა დაბალწყლიან აუზში თავით გადავარდა და სასწაულად გადაურჩა კონტუზიას. ბიჭის სპორტულ კარიერას საფრთხე დაემუქრა, მაგრამ გამოძვრა. იქიდან მოყოლებული, გოლის გატანას მუდამ ღმერთს უძღვნიდა.
ეს რიკარდო იზეკსონ დუშ სანტუს ლეიტე გახლავთ, მოკლედ – კაკა.
კაკაც მიდის, გვემშვიდობება. ბოლოს რასაც თამაშობდა ამერიკულ „ორლანდო სიტიში“, ეს უფრო გართობა იყო. აკი განაცხადა კიდეც, ყველა თამაშის მერე დაღლილი ვარო, ფეხბურთი ძველებურ სიამოვნებას ვეღარ მანიჭებსო. გაგიგიათ, ბრაზილიელს ტამში არ უხაროდეს? თან როგორ ბრაზილიელს, ჟოს, ფრედისა თუ ჰალკს კი არა, კაკას. უბრალოდ, დაიღალა. ყველას ორგანიზმი ერთნაირად ხომ არაა მოწყობილი.
ნამდვილი კაკა ხუთი-ექვსი წლის წინ წავიდა. ეტყობა, ყველაფერი გამოწურა და „რეალში“ ახალი მოტივაცია ვეღარ იპოვა. ხანდახან, ნოემბრის თოვლივით ჩნდებოდა ძველი კაკა, სტაბილურობა კი ლა-სკალას ქალაქში დატოვა. „მილანში“ ყველაფერი დადო. ენით აუწერელი სეზონი ჰქონდა, მილანელებს ჩემპიონთა ლიგა რომ მოაგებინა.
ეს ამბავი ათი წლის წინ იყო. მანჩესტერში რომ წარმოდგენა დადგა, ორი მცველი ერთმანეთს თავებით რომ შეაჯახა და ისე გაიტანა.
ან ის არგენტინა-ბრაზილია გაიხსენეთ, როცა თავის ნახევარზე წაართვა ბურთი ერთ არგენტინელს, რომელიც კი გამოეკიდა, მაგრამ ვერაფერი ვერ დააკლო. დაწყება და დამთავრება ერთი იყო, დიდოსტატური გოლი იყო. და არ იკითხავთ ვინ მოსდევდა? – ლეო მესი.
ბოლოს ათი წლის წინ მოიგო კაკამ ოქროს ბურთი და მორჩა, მას მერე ალავერდივით, მესისა და კრიშტიანუს ხელში გადადი-გადმოდის.
კაკა მინდორზე კი არ დარბოდა, დასრიალებდა. ასეთი ფეხბურთელები ყოველთვის მოგვენატრება.