ეს ნამდვილი საჩოგბურთო დრამა იყო, რომელიც, ჩვენდა სასიხარულოდ ნიკოლოზ ბასილაშვილის ჰამბურგის ტურნირის ფინალში გასვლით დასრულდა.
ალექსანდერ ზვერევი სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიოს მესამე ჩოგანი იყო, ამჟამად კი მეხუთეა. რუსული ფესვების მქონე გერმანელი 23-წლამდელებში ყველაზე ნიჭიერ და სტაბილურ მეჩოგნედ ითვლება და, დიდი სამეულის კორტიდან წასვლის შემდეგ, ტახტის მემკვიდრედაც კი მიიჩნევა.
პირველ სეტში თანაბარი ბრძოლის შემდეგ ტაი-ბრეიკისთვის რომ შევემზადეთ, მაშინ გაისროლა ჩვენიანმა ბრეიკი და სეტი 6:4 დაასრულა. მეორე სეტის დასაწყისი ისეთი იყო, ხელების ფშვნეტა დავიწყეთ – ნიკა ბრეიკით 3:1 დაწინაურდა და… ზვერევი გამხეცდა! მომდევნო მონაკვეთი გერმანელმა 5:1 მოიგო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.
მესამე სეტის სტარტი ისევ ქართული იყო – 3:0 და, ისევ აიწყვიტა გერმანელმა. 3:5-ზე ჩვენებურის გამარჯვებისა, ალბათ, მხოლოდ თავად ნიკას სწამდა. ბასილაშვილმა ზედიზედ სამი გეიმი მოინაგრა და საბოლოოდ საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა. „შემოკლებულ გეიმში“, როგორც ტაი-ბრეიკს ეძახიან, სასწორის პინა ისევ ზვერევის მხარეს გადაიხარა – ნიკა 3:5 ჩამორჩა, მაგრამ წარმოუდგენელი შეძლო, მეტოქეს ორი მოწოდება აართვა, ზედ თავისი ორიც დაამატა და კორტი გამარჯვებულმა დატოვა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის აქტივში აქამდე ყველაზე ხმაურიანი, ალბათ, ხუან მარტინ დელ-პოტროსთან მოგება იყო. ჩვენი აზრით, ზვერევთან მოგება გაცილებით მეტია – თითქმის წაგებული შეხვედრის შემოტრიალება და ისიც ტოპ-კლასის მეტოქესთან, მხოლოდ დიდოსტატების ხვედრია.
ნიკამ დაგვაჯერა, რომ დიდოსტატია, მეომარია და რკინის ნერვები აქვს.
ფინალში? ვინც გინდა, იყოს – რუსი ანდრეი რუბლიოვი ან ესპანელი პაბლო კარენო ბუსტა.
ნიკა ბასილაშვილი გერმანიის ორგზის ჩემპიონობისთვის ემზადება!