აარონ რემსი „იუვენტუსმა” ოფიციალურად გამოაცხადა თავის 8 ნომრად. უელსელმა ნახევარმცველმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ „ბებერი ქალბატონის” წინადადებაზე უარი ვერ თქვა და „არსენალიდან” ტურინში გადაბარგდა.

28 წლის რემსი „არსენალშიც” 8 ნომერი იყო და როგორც თავად ამბობს, ძალიან კარგად მოეხსენება, რომ „იუვეში” ამ მაისურით თამაში დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს.

„ვიცი, რომ ამ ნომრით „იუვენტუსში” მარკიზიო თამაშობდა, — თქვა რემსიმ, — „არსენალში” მეც 8 ნომერი მეცვა. როდესაც გავიგე, რომ ეს მაისური თავისუფალი იყო, ორივე ხელით ჩავებღაუჭე. თუკი ტურინში დაახლოებით მაინც გავაკეთებ იმას, რასაც მარკიზიო აკეთებდა, ბედნიერი ვიქნები. მე მას სამედიცინო შემოწმების დროს შევხვდი და გამოველაპარაკე”.

„იუვენტუსთან” ოთხწლიანი ხელშეკრულების გაფორმებამდე რემსის „მანჩესტერ იუნაიტედთან” და „ბაიერნთან” აკავშირებდნენ, მაგრამ უელსელმა თქვა, რომ როგორც კი „ბებერი ქალბატონიდან” დაუკავშირდნენ, მყისვე დაანება სხვა კლუბებზე ფიქრს თავი.

„საკმარისი იყო გამეგო, რომ ჩემით „იუვე” დაინტერესდა, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ამ შესაძლებლობას ხელიდან ვერ გავუშვებდი. საოცრად მიხარია აქ ყოფნა და იმედი მაქვს, რომ ამ დიდი კლუბის ახალი ისტორიის ნაწილი გავხდები. სხვა შემოთავაზებებიც მქონდა, მაგრამ საჩემო კლუბი „იუვენტუსია”.

შემდეგ რემსიმ თქვა, რომ ბედნიერია „ჩელსის” ყოფილ თავკაცთან, მაურიციო სარისთან რომ მოუწევს მუშაობა.

„ეს მწვრთნელი შარშან ინგლისში მუშაობდა და მე მას ვაკვირდებოდი. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ სარის უყვარს, როდესაც მისი გუნდი ლაღ ფეხბურთს თამაშობს. გასულ სეზონში, „ჩელსიში”, მან გუნდი ორ ფინალში გაიყვანა და ამ ორიდან ერთი მოიგო. მისი ხელმძღვანელობით „ლურჯები” პრემიერლიგის ოთხეულში შევიდნენ, რაც იოლი გასაკეთებელი არ გახლავთ. სარის თავისი გამოკვეთილი ფილოსოფია აქვს. ვიმედოვნებ, რომ „იუვენტუსის” ფეხბურთელები მას კარგად გაუგებენ და ყველანი ერთად მივაღწევთ წარმატებას”, — თქვა აარონ რემსიმ.