დანია – საქართველოს მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისმა „თელია პარკენის“ საპრესკონფერენციო დარბაზში თქვა, სად დანია და შვეიცარია და სად საქართველოო. ცოტა სხვა სიტყვებით თქვა, მაგრამ აზრი ეს იყო. კაცმა რომ თქვას, ტყუილი არც უთქვამს.

მაინც სად არის დანია? ამის ახსნას საკუთარი მოკლე შთაბეჭდილებების მოყოლით შევეცდები.

?  ?  ?

?? დანია საპყრობილეა – ათქმევინა უილიამ შექსპირმა პრინც ჰამლეტს 4 საუკუნის წინ. შექსპირის ამ ყველაზე გრძელ პიესაში დანია 29-ჯერ არის ნახსენები და მეტწილად ასე:

? მგონი, დანიას ელის რაღაც უბედურება;

? ბოროტი კაცი დანიაშიც ბოროტი არის;

? დანია ერთი უარესი ჯურღმულთაგანია.

საინტერესოა რას იტყოდა შექსპირი დღევანდელი დანია და მისი ულამაზესი დედაქალაქი რომ ენახა?

 

?  ?  ?

?? კოპენჰაგენში არ არის უშველებელი, უმახინჯესი კორპუსები. მოდი, დავაზუსტოთ: საერთოდ არ არის. მეტიც, ძველი სახლების ფასადები რომ არ დამახინჯდეს, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარაც კი არავის აქვს. მხოლოდ ხის, მთლიან ფასადში ორგანულად რომ ჩაჯდეს.

ჩემი სატუმროს წინ დაბალი გრძელი ბარაკები იდგა. დავინტერსდი და ამიხსნეს: ორი საუკუნის წინანდელი სამხედრო ყაზარმები ყოფილა, რომლებიც უფუნქციოდ დარჩა. ერთი ვარიანტი ყოფილა, დაენგრიათ და ახალი საცხოვრებელი სახლები ჩაედგათ. მაგრამ ალტერნატიულ აზრს გაუმარჯვია: შევალამაზოთ და ისე ვაქციოთ საცხოვრებლადო, ქალაქის ისტორიულ იერს ნუ დავუკარგავთო. ჰოდა, ასეც მოიქცნენ.

?  ?  ?

?? კვლევების თანახმად, დანიელების თითქმის 80 პროცენტი სრულად ენდობა იმ გარემოცვას, რომელშიც ცხოვრობს. ეს მსოფლიო რეკორდია, ქვეყნების უმეტესობაში ეს მაჩვენებელი 25 პროცენტს არ აღემატება. აქ ქუჩაში დატოვებული ველოსიპედი თუ საბავშვო ეტლი ჩვეულებრივი მოვლენაა. ადამიანებს შორის ნდობა კი ხელისუფლების ნდობაზეა დამყარებული: დანიელები წარმოუდგენლად მაღალ გადასახადებს იხდიან, მაგრამ იმ ფაქტის გამო, რომ ქვეყანაში კორუფციის მაჩვენებელი თითქმის ნულია, მაღალი გადასახადების გამო ისინი არ წუხან. დანიელები დარწმუნებულები არიან, რომ მათი ფული სწორად და ისევ მათთვისვე იხარჯება.

?  ?  ?

?? ზემოთ ველოსიპედები ვახსენე. დანიაში ჩასვლამდეც ვიცოდი, რომ ეს ველოსიპედების ქვეყანა იყო, მაგრამ რაც დამხვდა, თამამ ფანტაზიაშიც ვერ წარმოვიდგენდი. ველოსიპედებია ყველგან. ისინი პირდაპირი გაგებით ყრია პირდაპირ ქუჩაში. მთელი ქალაქი დასერილია ველობილიკებით. სადგომებზე ცოტა მანქანა და უამრავი ველოსიპედი დგას. მსოფლიოს ათობით ქვეყანაში ვარ ნამყოფი და კოპენჰაგენში პირველად ვნახე, რომ ველოსიპედისტებისთვის ქუჩებში ცალკე შუქნიშნები ყოფილიყოს.

?  ?  ?

?? დანიელები საოცრად კეთილგანწყობილი ხალხია. გამუდმებით გიღიმიან და მზად არიან ტურისტს დახმარება აღმოგიჩინონ. პრინციპში, ხალხისგან, რომელიც ბედნიერების ინდექსის უპირობო ლიდერია, სხვას რა უნდა ველოდოთ?!

?  ?  ?

?? როგორც მოგახსენეთ, კოპენჰაგენში ყველა ველოსიპედზეა ამხედრებული. ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით სურათს: როგორ უფრიალებთ ველოსიპედისტ ქალებს ძალიან მოკლე კაბები. ნებისყოფის უკიდურესი დაძაბვაა საჭირო, თვალი რომ აარიდო ?

 

?  ?  ?

?? კოპენჰაგენში ჩასული სასტუმრომდე დანიაში გადახვეწილმა ქართველმა მიმიყვანა – მამუკა კვარაცხელიას მეგობარმა, ძველმა მორაგბემ. მოქალაქეობაზე რომ ვკითხე, მიპასუხა: უკვე სამჯერ მივიღე არჩევნებში მონაწილეობაო. ინტონაციაში სიამაყე შევატყე – ეამაყებოდა, რომ მთავრობის არჩევაში იღებდა მონაწილეობას. ქართველებისთვის ამის გაგება რთულია. ჩვენთან ხომ მოქალაქეთა უმეტესობა მთავრობის არჩევაში მონაწილოებას არ იღებს.

?  ?  ?

?? თბილისში დიდებული ბოტანიკური ბაღი გვაქს. მაგრამ რას იტყოდით, ასეთი ბაღები ყველა უბანს თავისი რომ ჰქონდეს? დიახ, ასეა კოპენჰაგენში. შეგვიძლია ასეც ვთქვათ: ეს არ არის ქალაქი, რომელშიც ბევრი პარკია. ეს არის ერთი დიდი პარკი, უფრო სწორად კი ბოტანიკური ბაღი, რომელშიც აქა იქ საცხოვრებელი უბნებია გაფანტული. არის ხომ, ამაში განსხვავება?

?  ?  ?

?? კოპენჰაგენში ვნახე ერთადერთი ქარხანა, რომელსაც უზარმაზარი საკვამური აქვს, მაგრამ იქიდან რატომღაც ქათქათა თეთრი კვამლი ამოდის. სამაგიეროდ, პირდაპირ ზღვაშია ჩადგუმული ქარის ტურბინები, რომლებიც ქალაქს სუფთა და განახლებადი ენერგიით ამარაგებენ.

?  ?  ?

?? მომიყვანეთ ყველაზე კარგი ფოტოგრაფი და ყველაზე კარგი მარკეტოლოგი და ნებისმიერ რამეს მსოფლიო დონის ღირსშესანიშნაობად ვაქცევ.

ასეთია ქალთევზას უცნობილესი სკულპტურა კოპენჰაგენში. რეალობა გუგლში ნანახი ფოტოებისგან საკმაოდ განსხვავებულია. ძეგლი კი ის არის, რაც ფოტოებზე ჩანს, მაგრამ მასთან სურათის გადაღების რიგში ჩამგდარი ტურისტების ფაციფუცი რომანტიკას კი ნამდვიად უკარგავს ამ ძეგლს.

 

?  ?  ?

?? ჩვევა მაქვს: სადმე რომ ჩავდივარ, ადგილობრივ სასაფლაოსაც მოვინახულებ ხოლმე. დარწმუნებული ვარ, რომ სასაფლაოზე კარგად ჩანს იქაური ხალხის ხასიათი. კოპენჰაგენის ძველ სასაფლაოზე ვერ ვნახე ვერც ერთი მოუვლელი საფლავი, ვერც ერთი ძეგლი და ვერც ერთი თუნდაც დაბალი მესერი.

?  ?  ?

?? ნაწერი გადავიკითხე და რაღაც მეტისმეტად იდეალური მონათხრობი გამომივიდა. ამიტომ, თავი რომ დავიმშვიდო, ამასაც დავწერ: სიგარეტის „ბიჩოკებიც“ მრავლად ყრია თავშეყრის ადგილებში და ლუდის ბოთლებიც.

P.S. ორ დღეში რისი დანახვაც შევძელი კი  სულ ეს იყო.

თბილისი – კოპენჰაგენი – თბილისი