70 წლის ასაკში ფორმულა ერთის 3-გზის მსოფლიო ჩემპიონი და ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი პილოტი ნიკი ლაუდა გარდაიცვალა. ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია: ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ ჩვენი საყვარელი ნიკი ახლობელთა გარემოცვაში გარდაიცვალა.
შარშან ივლისში ნიკი ლაუდა საავადმყოფოში მოხვდა, თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ მას გრიპი ჰქონდა. თუმცა ავადმყოფობა პნევმონიის მძიმე ფორმაში გადაიზარდა, შემდეგ კი ექიმებმა დაადგინეს, რომ ლაუდას ფილტვების გადანერგვა სჭირდებოდა. ლაუდას ოპერაცია აგვისტოს დასაწყისში გაუკეთეს.
ნიკი ლაუდა სამჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონი. მის ანგარიშზე გრან პრის ეტაპებზე მოპოვებული 25 გამარჯვებაა. კარიერის განმავლობაში ავსტრიელი 50-ზე მეტჯერ ასულა პოდიუმზე. ლაუდას ცხოვრებაში საკვანძო მომენტი 1976 წლის გერმანიის გრან პრიზე დადგა, როდესაც პილოტი უმძიმეს ავარიაში მოჰყვა. მისი ბოლიდი ტრასიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. მანქანიდან გადმოსვლა ლაუდამ მხოლოდ სხვა პილოტების დახმარებით შეძლო. სპორტსმენმა მძიმე დამწვრობები მიიღო და ექიმები თავდაპირველად ეჭვობდნენ, რომ ის ვერ გადარჩებოდა. თუმცა ნიკი ლაუდა არათუ გადარჩა, თვენახევრის შემდეგ ტრასაზე ისევ გავიდა. ლაუდამ კარიერა იმ ავარიიდან 9 წლის შემდეგ დაასრულა.
30 წლის განმავლობაში ნიკი ლაუდა საკუთარ ავიაკომპანიას ხელმძღვანელობდა, რომელმაც არსებობა 2013 წელს შეწყვიტა. სიცოცხლის ბოლო 7 წლის განმავლობაში ნიკი ლაუდა მერსედესის გუნდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯომარის პოსტს იკავებდა.