ინგლისი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ევროპის ორი მთავარი საკლუბო შეჯიბრების, ჩემპიონთა ლიგისა და ევროლიგის ფინალში ოთხი გუნდი გაიყვანა. სხვა სიტყვებით, მადრიდშიც და ბაქოშიც ინგლისური ფინალი გაიმართება.

ეს მას მერე გაირკვა, რაც ხუთშაბათს, ევროლიგის ნახევარფინალებში, „არსენალმა” და „ჩელსიმ” იყოჩაღეს. „ჩელსის” ფრანკფურტის „აინტრახტის” დასაძლევად მატჩისშემდგომი პენალტების სერია დასჭირდა (ორივე შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა), ხოლო „არსენალმა” „ვალენსიას” შინ 3:1, ხოლო სტუმრად 4:2 მოუგო.

ევროლიგის ამბები კი მოხდა ჩემპიონთა ლიგაში ორი საოცარი შემოტრიალების შემდეგ: სამშაბათს, „ლივერპულმა” „ბარსელონას” სტუმრად წაგებული 0:3 შინ მოგებული 4:0-ით შეუნაცვლა, ხოლო ოთხშაბათს , ამსტერდამში, „ტოტენჰემმა” „აიაქსს” 3:2 მოუგო (შინ 0:1 ჰქონდა წაგებული) და სტუმრად გატანილი გოლის წესით ფინალში გავიდა.

ისტორიამ იცის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ორი შეჯიბრების ოთხი ფინალისტიდან სამი ერთი ქვეყნიდან იყო, მაგრამ ოთხივე ერთი ლიგიდან პირველად არის. გავიხსენოთ:

1980 წელს, უეფას თასის ფინალში ერთმანეთს „აინტრახტი” და მიონხენგლადბახის „ბორუსია” შეხვდნენ, ჩემპიონთა თასის ფინალში კი „ჰამბურგი” „ნოტინგემ ფორესტს” ეთამაშა.

ეს სწორედ ის გათამაშებაა, როდესაც მერვედფინალში „ჰამბურგმა” ლივერპულგამოვლილ თბილისის „დინამოს” აჯობა.

მაშინ თასი „ნოტინგემ ფორესტმა” (1:0) მოიგო.

1990 წელს უეფას თასს „იუვენტუსი” და „ფიორენტინა” ეცილებოდნენ ერთმანეთს, ხოლო ჩემპიონთა თასის ფინალში „მილანმა” „ბენფიკას” 1:0 სძლია.

1998 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „იუვემ” „რეალთან” 0:1 წააგო, ხოლო უეფას თასზე „ინტერი” „ლაციოს” ეთამაშა.

თავისებური რეკორდი დაამყარა ლონდონმაც. ის გახდა პირველი ქალაქი, რომელსაც ორ ფინალში სამი წარმომადგენელი ჰყავს.

„ტოტენჰემისა” და „ჩელსის” ყოფილი ნახევარმცველი გლენ ჰოდლი ამბობს:

„ინგლისურ ფეხბურთს დიდებული დღე გაუთენდა. ეს ოთხი გუნდი ახლა კიდევ უფრო გაძლიერდება და ამიერიდან ნუღარ გაგიკვირდებათ, თუკი ფინალში ხშირად იხილავთ ინგლისურ გუნდებს. დღეს ოთხივე ფინალისტმა უნდა იამაყოს იმ ფეხბურთით, რომელიც ამ სეზონში ითამაშეს.

„ჩელსიმ” დღეს თავისი საუკეთესო თამაში ვერ აჩვენა, თუმცა ისიც დიდი საქმეა, როდესაც გუნდი კარგად ვერ თამაშობს, მაგრამ მაინც იგებს”.

„არსენალის” ყოფილი თავდამსხმელი ჯო ჰართსონი:

„ამ დღეებში საოცარი რამ მოხდა. ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ „ლივერპული” 0:3 წაგების შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს შეჯიბრებიდან გამოთიშავდა. „ტოტენჰემი” კი 0:2-ს აგებდა და ერთი ტაიმი ჰქონდა დარჩენილი… ამ გუნდებმა უმტკიცესი ხასიათის გამომჟღავნება შეძლეს”.

„არსენალის” კიდევ ერთმა ვეტერანმა, „დეილი მეილის” მიმომხილველმა მარტინ კიოუნმა კი მომხდარი ასე შეაფასა: „ვფიქრობ აქ დიდ როლს ჩვენი მწვრთნელების დონე თამაშობს. ეს დონე სულ იზრდება და იზრდება. „ბარსელონასთან” „ლივერპულის” ფეხბურთელები რაღაც მეტაფიზიკურ მდგომარეობაში იყვნენ.

ერთი საოცარი საღამო მეორეს მოჰყვა. კვირის ბოლოს კი პრემიერლიგის ბოლო ტური გველის. „მანჩესტერ სიტი” თუ „ლივერპული”…”