კეილორ ნავასმა გავლენიანი პორტუგალიელი აგენტი ჟორჟი მენდისი დაიქირავა და, როგორც ამბობენ, „რეალიდან” წასვლას გეგმავს. კოსტა რიკელს კარიერის გაგრძელება პრემიერლიგაში სურს, ხოლო „სანტიაგო ბერნაბეუზე” მთავარ მეკარეობას ტიბო კურტუას უთმობს.
AS წერს, თითქოს ნავასს „რეალში” უთხრეს, რომ მომავალი სეზონიდან პირველი გოლკიპერი ის აღარ იქნება და ძირითად შემადგენლობაში ადგილს „ჩელსისგან” 37 მილიონ ევროდ ნაყიდ ბელგიელს ანდობენ.
ამბობენ, რომ ინგლისური გუნდებიდან ნავასის ყიდვით ყველაზე მეტად „მანჩესტერ იუნაიტედი” დაინტერესდება. მანჩესტერელებს ესპანელ მეკარე დავიდ დე ხეასთან პრობლემა აქვთ. ერთი, რომ დე ხეამ ამ ბოლო დროს უხეში შეცდომების დაშვებას მოუხშირა და მეორეც, კლუბთან ახალ ხელშეკრულებას ვერ აფორმებს. ესპანეთის ნაკრების გოლკიპერი „იუნაიტედს” კვირაში 350 000 გირვანქას სთხოვს, რაზეც როგორც ჩანს არ თანხმდებიან.
იყო ლაპარაკი „არსენალზეც”, საიდანაც ლეგენდარული ჩეხი მეკარე პეტრ ჩეხი მიდის, მაგრამ გუნდს 27 წლის გერმანელი ბერნდ ლენო ჰყავს, რომელიც ჯერჯერობით უკმაყოფილების საბაბს არ იძლევა.
ესპანური და ინგლისური პრესა წერს, რომ ნავასის წარმომადგენლები დეკემბერში უკვე იყვნენ ინგლისში, სადაც თავიანთი კლიენტისთვის ნიადაგი მოსინჯეს.
არადა, მას მერე, რაც „რეალში” ზინედინ ზიდანი დაბრუნდა, კოსტა რიკელის საქმე თითქოს სასიკეთოდ შემოტრიალდა. თან, ისე დაემთხვა, რომ კურტუას საზარდულის ტრავმა აწუხებდა და ნავასმა ლა ლიგის ბოლო 6 შეხვედრიდან „რეალის” კარი ხუთში დაიცვა. და მაინც, ბოლო შეხვედრაში (თუმცა, ის „რეალმა” „რაიო ვალეკანოსთან” 0:1 წააგო) „ლოს ბლანკოსის” კარში კვლავ ბელგიელი გამოჩნდა, რაც ბევრმა ზიდანის მხრიდან მინიშნებად მიიღო.