ნამდვილი მსოფლიო ჩემპიონი იგია, ვინც არა ერთი საჩემპიონო მატჩის მოგებით, არამედ უწყვეტი სატურნირო წარმატებებით იმყარებს უძლიერესის სტატუსს. მაგნუს კარლსენს მშვენიერი სატურნირო პორტფოლიოც აქვს და ახლაც, გერმანიაში სუპერტურნირი Grenke Chess Classic მოიგო. ნორვეგიელმა 6 პარტიაში გაიმარჯვა, 3 გააყაიმა და უახლოეს მდევრებს ქულანახევრით გაუსწრო.
სუპერტურნირს ორმა ქალაქმა, კარლსრუემ და ბადენ-ბადენმა უმასპინძლა. შეჯიბრი 2013 წლიდან ტარდება, სალიზინგო კომპანია Grenke AG-ს სპონსორობით და სახელიც მისი პატივისცემით ჰქვია. ტურნირის ისტორია საინტერესოა: იქ პირველად ვიშვანათან ანანდმა გაიმარჯვა, მომდევნო წელს კი სუპერტურნირის საერთოდ არ შემდგარა, მხოლოდ ადგილობრივებმა ითამაშეს და გამარჯვებული იმ დროისთვის გერმანიის სახელით მოასპარეზე არკადი ნაიდიჩი გახდა. მეორე ადგილზე კი ჩვენებური დავით ბარამიძე გავიდა, რომელიც ასევე გერმანიის სახელით ასპარეზობს. 2015 წელს ტურნირის სტატუსს წინსართი “სუპერ” კვლავ დაუბრუნდა და გამარჯვებული კარლსენი გახდა. 2016 წელი ჩავარდნისა იყო, 2017-ში სომეხ ლევონ არონიანს დარჩა ბურთი და მოედანი, ხოლო 2018-ში იტალოამერიკელმა ფაბიანო კარუანამ იმარჯვა.
წელს 10 დიდოსტატი და საერთაშორისო ოსტატი წრიული სისტემით თამაშობდა. კარლსენმა თავიდანვე ყოჩაღად დაიწყო, ჯერ შავებით მასპინძელთა 14 წლის ვარსკვლავი ვინსენტ კაიმერი დაამარცხა, მეორეში კი ესპანელი ფრანსისკო ვალეხო და გალიდერდა. მომდევნო ტურში თეთრებით ვიშვანათან ანანდს ეპაექრა თანაბრად 63 სვლიან ბრძოლაში და გვერდით რუსი პიოტრ სვიდლერი ამოუდგა.
ერთპიროვნული ლიდერობა კარლსენმა მეექვსე ტურში, როცა მეორე მასპინძელი გეორგ მაიერი დაამწუხრა და უახლოეს მდევარ კარუანას ქულით გაუსწრო. კარლსენმა მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა და დასკვნით ტურში შეჯიბრის მოსაგებად ყაიმიც ჰყოფნიდა. ნორვეგიელი ვაშე-ლაგრავს დაუპირისპირდა, კარუანა კი არონიანს.
იტალოამერიკელმა პირველმა დაასრულა პარტია, 43-ე სვლაზე დაუზავდა სომეხს და კარლსენიც ნაადრევად გახდა გამარჯვებული. მიუხედავად ამისა ნორვეგიელი არ მოდუნებულა, ბოლომდე გააგრძელა ბრძოლა და 43-ე სვლაზე მე-6 გამარჯვებაც იზეიმა.
საბოლოო ცხრილი
1. მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) – 7,5 ქულა
2. ფაბიანუ კარუანა (აშშ) – 6
3. არკადი ნაიდიჩი (აზერბაიჯანი) – 5
4. მაქსიმ ვაშე-ლაგრავი (საფრანგეთი) – 5
5. ლევონ არონიანი (სომხეთი) – 4,5
6. პიოტრ სვიდლერი (რუსეთი) – 4,5
7. ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი) – 4,5
8. ფრანსისკო ვალეხო (ესპანეთი) – 4
9. გეორგ მაიერი (გერმანია) – 2
10. ვინსენტ კაიმერი (გერმანია) – 2