პეპ გვარდიოლა გაბრაზდა, რადგან „მანჩესტერ სიტისა” და „კარდიფ სიტის” პრემიერლიგური შეხვედრა კალენდარში „ბრაიტონთან” ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალზე სულ რაღაც სამი დღით ადრე ჩაუსვეს.

თავდაპირველი გეგმით ასე იყო: „სიტის” უელსელებთან 6 აპრილს უნდა ეთამაშა. ეს მატჩი ინგლისის ჩემპიონისთვის იოლი გასეირნება ნამდვილად არ იქნებოდა (და არც იქნება), რადგან „კარდიფ სიტი” პრემიერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. ამასობაში მოხდა ისე, რომ ფეხბურთის ასოციაციის თასის მეოთხედფინალში გვარდიოლას გუნდმა „სუონსის” 0:2 შემოუტრიალა, 3:2 აჯობა და ნახევარფინალში გავიდა. გამოვიდა, რომ „სიტის” 6 აპრილს კიდევ ერთი თამაში დაემატა — „ბრაიტონის” წინააღმდეგ. შესაბამისად, პრემიერლიგის შეფებს „მანჩესტერ სიტისა” და „კარდიფ სიტის” თამაშის გადატანა მოუხდათ, მაგრამ რომელ რიცხვში გადაიტანეს არ იკითხავთ? — 3 აპრილს ნუ „უემბლიზე” თამაშთან 72 საათითაც კი არ დააშორეს.

გვარდიოლა შიშობს, რომ ასეთი გიჟური კალენდარი „ლივერპულთან” საჩემპიონო ბრძოლას დაღს დაასვამს. მას იმედი ჰქონდა, რომ „კარდიფ სიტისთან” თამაშს მაისში გადაუტანდნენ. ახლა კი ნამდვილად ჯოჯოხეთური კვირა ელის, რადგან 3 და 6 აპრილის თამაშებს ცხრაში „ტოტენჰემთან” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიც მოჰყვება.

შეგახსენებთ, რომ „სიტიმ” უკვე მოიგო „კარაბაოს თასი” და ახლა დანარჩენი შეჯიბრებების მოსაგებად იბრძვის. პეპ გვარდიოლას შეუძლია ინგლისურ ფეხბურთში გახდეს პირველი მწვრთნელი, რომელიც ერთ სეზონში ყველა მთავარ ჯილდოს მოიგებს.