ვაკო გვილიას პოლონეთში კარგი პრესა აქვს: ქართველმა ზაბჟეს „გურნიკის“ შუა ხაზი აშკარად გააძლიერა, 8 ნომრის პოზიციაზე მშვენივრად თამაშობს და გუნდმაც მოუმატა. გვილიამ პოლონეთის ჩემპიონატში გოლი გაიტანა, საგოლე პასიც გაახერხა. როგორც იცით, ის შვეიცარიის „ლუცერნიდან“ გახლავთ განათხოვრებული სეზონის ბოლომდე…
გვილიას ინტერვიუ გამოქვეყნდა პოლონურ პრესაში. Przeglad sportowy წერს, რომ ქართველი მოკრივეს ჰგავს. ეს ცხვირის მოყვანილობის გამო… აი, რას ამბობს ამაზე გვილია:
„მართლაც, მოკრივეს ვგავარ, მაგრამ ეს კარგია, რადგან მეტოქეებს ჩემი შეეშინდებათ. სერიოზულად კი, ნამდვილ ისტორიას მოვყვები. 13 წლისა ვიყავი, ეზოში ფეხბურთს ვთამაშობდი და მოწინააღმდეგემ ცხვირში იდაყვი მომარტყა. ადრე უფრო დიდი ცხვირი მქონდა, რაც ქართველების დამახასიათებელი ნიშანია. სხვა ერებისგან განსხვავებით, ჩვენ სწრაფად ვიზრდებით“.
გვილიამ გიორგი გაბედავაზეც ისაუბრა. გაბედავა, გეცოდინებათ, პოლონურ „ზაგლებე სოსნოვეცში“ თამაშობს. ორივენი ზუგდიდში არიან დაბადებულნი.
„ბავშვობიდან ერთმანეთს ვიცნობთ. რაც განგვასხვავებს, ჩვენ შეგვიძლია მეგრულად საუბარი. მეგრული საკმაოდ განსხვავდება ქართულისგან. სამეგრელო კუთხეა დასავლეთ საქართველოში“.
ვაკო მიიჩნევს, რომ შვეიცარიიდან პოლონეთში გადასვლა სულაც არაა უკანგადადგმული ნაბიჯი. მიუხედავად იმისა, რომ უეფას საკლუბო რეიტინგში პოლონეთი 25–ეა, ხოლო შვეიცარია მე–16.
„შვეიცარიაში ბოლოს ცოტას ვთამაშობდი, პოლონეთში კი პრაქტიკა არ მაკლია და სიმართლე გითხრათ, სათამაშო დონე უფრო მაღალია, ვიდრე მეგონა“.
გვილიას ფორმაში ყოფნა კი კანფეტივითაა საქართველოს ნაკრებისთვის. 23 მარტს ხომ ევროშესარჩევი იწყება: პირველი მატჩი შინ შვეიცარიასთან, სამ დღეში კი დუბლინში – ირლანდიასთან.