სათასო სტატუსი ოდნავათაც ვერ ამცრობს ესპანური სუპერკლასიკოს პრინციპულობას. „ბარსამ“ და „რეალმა“ რომ „კამპ ნოუზე“ 1:1 ითამაშეს, ყველა დაინტერესებულმა იცის და თვალიც ადევნა. ჰოდა, მატჩის პერიპეტიებს შევეშვათ და სოციალურ ქსელებში ორი გუნდის ფანების განწყობებს შევეხოთ.

მადრიდელები მთლად თუ არ აღმერთებენ, დიდად კი ემადლიერებიან სანტიაგო სოლარის – პოსტრონალდოურ ეპოქაში ბარსელონაში ფრედ თამაში საპასუხო მატჩის წინ უპირატესობას აძლევს სამეფო კლუბს. არ დაგავიწყდეთ, რომ სოლარიმ მთლად უწვერული ვინისიუსი, ვასკესი და ლიორენტე ათამაშა და ამათაც გაუმართლეს.

მადრიდელი ფანობა ვინისიუსის განსაკუთრებით მადლიერია. მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი საუკეთესო თამაში არ ყოფილა, 18 წლის ბიჭმა სადებიუტო კლასიკოში საგოლე შეტევაში დაიდო წილი. ვინისიუსი 1995 წლის შემდეგ კლასიკოს ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა – მაშინ მოედანზე 17 წლის რაული იყო.

რაც მეტს აქებენ 18 წლის ბრაზილიელს, მით მეტად „ამკობენ“ გარეთ ბეილის. საყოველთაო აზრით, ბრიტანელისგან მისივე აჩრდილის აჩრდილიღა დარჩა და აუცილებლად უნდა გაასხვისონ.

„ბარსას“ ფანობა წუხანდლის მერე იმ მალკომის ქებაშია, რომლის ტრანსფერზე დაყენებასაც ახალ წლამდე ასე დაჟინებით ითხოვდა – მადრიდელთათვის გატანილი გოლი კი ერთდროულად მიტევებაც არის და ინდულგენციაც.

აი, ერნესტო ვალვერდე, ბრალიანად თუ უბრალოდ, ყველაფერში დამნაშავედ გამოცხადდა და ფანების გულის მოსაგებად ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა თუ იკმარებს.

ასე, გაზაფხულის ამინდივით ცვალებადია ქომაგის ბუნება, მალევე პატიობს ყველაფერს და ასევე მალე ხდება კატეგორიული. უახლოესი ერთ თვეში კიდევ ორი კლასოკო გველის და გუშინდელ ანტიგმირებს გმირობის შანსი კიდევ მიეცემათ.

წილი
წინა სტატიახელგაშლილი კეთილი მათხოვარი
შემდეგი სტატიარომაული არდადეგები
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".