იცით, რამდენი გამოიმუშავა საკალათბურთო კარიერის განმავლობაში მაიკლ ჯორდანმა?
სულ რაღაც 94 მილიონი დოლარი.
ამდენს დღეს ოთხწლიან კონტრაქტში მავანი ჩანდლერ პერსონსი იღებს. ჯორდანის მონაგარი გაცილებით მოკრძალებული იქნებოდა, კარიერის მიწურულს „ჩიკაგოსთან“ ორი სარეკორდო კონტრაქტი რომ არ გაეფორმებინა ჯერ 30, მერე კი 33 მილიონ დოლარზე.
მაშ, საიდან მოიტანა ჯორდანმა 1 700 000 000 დოლარი?
მაიკლი რეკლამის ლეგენდა და ამ სფეროს რევოლუციონერია. ის რამდენიმე კომპანიის სარეკლამო სახეა, მაგრამ ეს კაპიკებია. აქვს რესტორნების ქსელი, ფიტნეს ცენტრი, „ნისანის“ ავტოსალონი, მოტოსპორტის გუნდი, მაგრამ ესეც ისე რა…
ჯორდანის უმთავრესი აქტივი საკალათბურთო „შარლოტ ჰორნეთსია“, რომლის აქციათა 90% 2010 წელს 175 მილიონად იყიდა, დღეს კი „ფორბსს“ თუ ვენდობით, მილიარდი ღირს. სტაბილურად მაღალი შემოსავალი კი „ნაიკის“ შვილობილ „ჯორდან ბრენდ“-ს მოაქვს, რომელსაც ამერიკის სპორტული ფეხსაცმლის ბაზრის 65% უკავია. თავად „ნაიკი“ ბაზრის მხოლოდ 25%-ს აკონტროლებს. შარშან ამ ბიზნესიდან ჯორდანმა 100 მილიონამდე შემოსავალი მიიღო, სულ კი გასულ 12 თვეში „მისი უჰაერესობის“ ქონება 350 მილიონით გაიზარდა.
ჯორდანის შემდეგ ყველაზე მდიდღი სპორტსმენი მეგოლფე ტაიგერ ვუდსია, თუმცა ჯორდანზე ორჯერ ნაკლები ქონების პატრონია.