ტურისტული თვითმფრინავი, რომელიც ნანტიდან კარდიფისკენ გაფრინდა და რომელშიც 28 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ემილიანო სალა იჯდა, გუჩინარდა.
„პაიპერ მალიბუს” ტიპის თვითმფრინავი ნანტის აეროდრომიდან 19 საათსა და 15 წუთზე აფრინდა, ხოლო 20 საათსა და 23 წუთზე კუნძულ გარნსის მაშველებმა ჯერსის საჰაერო სამსახურებიდან მიიღეს ცნობა, რომ მსუბუქი საფრენი აპარატი მათგან 15 მილში რადარებიდან გაუჩინარდა. აპარატი ზღვის ზედაპირიდან 701 მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა.
გარნსის მაშველებმა მყისვე ჩართეს საქმეში ორი ვერტმფრენი და ერთი კატარღა, რომლებიც ღამის 2 საათამდე ეძებდნენ გამქრალ თვითმფრინავს. ორ საათზე ძლიერი ქარის, ღელვისა და ხილვადობის გაუარესების გამო მათ ძიების შეწყვეტა მოუხდათ.
დღეს დილით გარნსის პოლიციამ გაავრცელა ცნობა, რომ დაკარგული საფრენი აპარატის ძიება განახლდა. ცნობის თანახმად ბორტზე ორი მგზავრი იმყოფებოდა.
ემილიანო სალას ახალი კლუბის, „კარდიფ სიტის” აღმასრულებელმა დირექტორმა მეჰმეთ დელმანმა გავრცელებული ცნობის გამო განცხადება გაავრცელა. მან თქვა: „ჩვენ შეშფოთებულები ვართ თვითმფრინავის ლა მანშის თავზე დაკარგვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით. ველოდებით დამატებით ცნობებს. ვღელავთ ემილიანო სალას უსაფრთხოებაზე”.
თავდამსხმელი ემილიანო სალა „კარდიფ სიტიმ” „ნანტისგან” 15 მილიონ გირვანქად ამ ზამთარს შეიძინა. კარდიფელთათვის ეს სარეკორდო სატრანსფერო თანხა გახლდათ.