საქართველოს ნაკრებმა მალტაში, ევრო 2022-ის პირველ შესარჩევ ეტაპზე, B ჯგუფში მეორე თამაშიც მოიგო. ამჯერად ქართველმა ხელბურთელებმა აზერბაიჯანს აჯობეს 30:25.

მალტასთან თამაშისგან განსხვავებით ქართველებისთვის მეორე შეხვედრა იოლი გასეირნება არ გამოდგა. ამის დასტური თუნდაც პირველი ტაიმის ანგარიშია — 16:15 საქართველოს სასარგებლოდ. თან, ტაიმის ბოლო გოლი ჩვენებმა სასტვენამდე 2 წამით ადრე გაიტანეს. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ შესვენებამდე თამაში ქულა-ქულაში თუ ბურთი-ბურთში მიდიოდა, ქართველ ხელბურთელებს აღელვება არ დატყობიათ და შესვენების შემდეგ დინჯად გააკეთეს ის, რასაც მათგან გულშემატკივარი ელოდა.

შესვენებიდან სამ წუთში აზერბაიჯანელებმა ერთხელაც გაათანაბრეს ანგარიში — 19:19, შემდეგ კი ქართველები „გაიქცნენ” და მართალია 6-7 ბურთიან უპირატესობაზე შორს არ წასულან, მაგრამ საქმე ბოლომდე მიიყვანეს.

მატჩის საუკეთესო ბომბარდირი აზერბაიჯანელი ემინ აიდამიროვი გახდა, რომელმაც 9 გოლი გაიტანა, ქართველთაგან კი 6-6 გოლით 17 წლის გიორგი ცხოვრებაძე („მონპელიე”, საფრანგეთი) და 36 წლის რევაზ ჭანტურია („პელისტერი”, მაკედონია) გამოირჩენ.

ხვალ, მესამე ტურში, საქართველოს ეროვნული გუნდი მთავარ კონკურენტს, კვიპროსის ნაკრებს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ პირველ შესარჩევ ეტაპზე ჯგუფის გამარჯვებული გუნდი შემოდგომაზე მეორე, ფლეი-ოფის რაუნდში გამოვა, 2020 წელს კი ჩატარდება მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელშიც უკვე ევროპის საუკეთესო გუნდებიც ჩაებმებიან. იქ, 32 მონაწილე ევრო 2022-ზე გამსვლელი 20 გუნდის ვინაობას გაარკვევს.