ბილბაოს „ატლეტიკი” 30 წლის ხავი მარტინესის დაბრუნებას ცდილობს. მოგეხსენებათ, ამ კლუბს სხვათაგან ერთი თავისებურება გამოარჩევს — მხოლოდ ეროვნებით ბასკ ფეხბურთელებს ათამაშებს. ხავი მარტინესი კი არა მხოლოდ ბასკია, არამედ ბილბაოს ყოფილი მოთამაშეცაა. ის „ბაიერნში” 2012 წელს გადავიდა, მანამდე კი 6 წელიწადი „ატლეტიკში” გამოდიოდა.

„ჩვენ მისი შეძენით დაინტერესებულები ვართ”, — თქვა ბილბაოელთა სპორტულმა დირექტორმა რაფაელ აკორტამ რადიო Cadena SER-თან ინტერვიუში.

„ბაიერნში” ხავი მარტინესი ჩამშლელი ნახევარმცველის ფუნქციას ასრულებდა და თან იმდენად კარგად, რომ წლების განმავლობაში მთავარ გუნდში ადგილი ფაქტობრივად გარანტირებული ჰქონდა. „რეკორდმაისტერთან” ერთად ის ექვსჯერ გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი, სამჯერ მოიპოვა გერმანიის თასი და 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა.

მიმდინარე სეზონში, ახალი მწვრთნელის, ნიკო კოვაჩის ხელმძღვანელობით მარტინესი მეორე პლანზე გადავიდა. კოვაჩმა ის მხოლოდ 10 შეხვედრაში ათამაშა.

ხავი მარტინესის კონტრაქტი „ბაიერნთან” 2021 წლამდეა ძალაში. ბასკის სატრანსფერო ფასი სავარაუდოდ 40 მილიონი ევრო იქნება.