„ლივერპული” სადაცაა „არსენალს” აჯობებს და „დორტმუნდის” ამერიკელ ვარსკვლავს, 20 წლის კრისტიან პულიშიჩს იყიდისო, წერს ინგლისური პრესა. ლაპარაკია იანვრის ტრანსფერზე. „ლივერპულის” გერმანელი თავკაცი იურგენ კლოპი, რომელიც მერსისაიდელებამდე სწორედ „დორტმუნდის” თავკაცი გახლდათ, სეზონის მეორე ნახევარში საჩემპიონო შტურმისთვის ემზადება და პულიშიჩით სურს გაძლიერება.
არადა, ვაჭრობა თავიდან „არსენალმა” დაიწყო. „მეთოფეებმა” დორტმუნდელებს 35 მილიონი გირვანქა (39 მილიონ ევრომდე) შესთავაზეს, მაგრამ ამ წინადადებით გერმანული კლუბი ვერ დააინტერესეს. ბოლო კვირებში ამერიკელის ყიდვა კიდევ ერთ ლონდონურ კლუბს, „ჩელსისაც” მოუნდა, მაგრამ იმ თანხასთან, ბუნდესლიგის ლიდერს რომ უნდა, ყველაზე ახლოს „ლივერპულის” წინადადება აღმოჩნდა — 45 მილიონი გირვანქა ანუ თითქმის 50 მილიონი ევრო.
ინგლისში წერენ, რომ დღეს, როდესაც მერსისაიდელები პრემიერლიგის ცხრილს სათავეში უდგანან და თან ზედიზედ ორი პრინციპული მატჩის ჩატარება უწევთ „არსენალთან” და „მანჩესტერ სიტისთან”, ხსენებული თანხის 50 მილიონამდე გაზრდა პულიშიჩის საყიდლად სრულიად საკმარისი იქნება.
ცხადია, „არსენალთან” შეხვედრაში ახალგაზრდა ამერიკელი ვერ ითამაშებს, რადგან ეს შეხვედრა „ენფილდ როუდზე” დღეს გაიმართება, სატრანსფერო ბაზრის კარი კი სამშაბათს, 1 იანვარს იხსნება, მაგრამ „ეტიჰედზე” „მანჩესტერ სიტისთან” თამაში 4 იავარს უწევს და იმ დროისთვის ყველაფერი შეიძლება მოესწროს.
მიმომხილველების აზრით, კრისტიან პულიშიჩის დამატება კლოპისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მისი გუნდის თავდასხმა, რომელიც ამჯერად მო სალაჰისგან, საიდო მანესა და რობერტო ფირმინოსგან შედგება, სერიოზულად გაძლიერდება.
„დორტმუნდთან” პულიშიჩის კონტრაქტს წელიწადნახევრიანი მოქმედების ვადაღა დარჩენია. ამბობენ, რომ მის შესაძენად გერმანიაშივე „ბაიერნი” იყო დაინტერესებული.
პირველი ორი სეზონის განმავლობაში ამერიკელი „დორტმუნდის” სასტარტო შემადგენლობაში ხვდებოდა, შემდეგ კი ტრავმამ დააბრკოლა და ძირითად გუნდში რეგულარული ადგილი დაკარგა. მიმდინარე სეზონში მან მხოლოდ ხუთჯერ ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში. ამან პულიშიჩის გუნებაზე იმოქმედა და გერმანულ კლუბთან ხელშეკრულების განახლებაზე ჭოჭმანი დაიწყო. ვითარების ასეთმა ცვლილებამ გერმანელებზეც იმოქმედა. დღეს ისინ მზად არიან მისაღებ ფასად ფეხბურთელი გაყიდონ.