„დინამო“ წლეულს „ლოკომოტივს“ შინ ვერ უგებს. მეორე წრეში სულაც 0:1 დამარცხდა. ახლა კი 0:0. არადა, სტუმრად ორივე შეხვედრა მოიგო, თან ორივეში რკინიგზელებს 4-4 გოლი გაუტანა.

კვირას სტუმრები უფრო ორგანიზებულნი ჩანდნენ და ცოტა იღბალიც რომ ჰქონოდათ, ვიცე-ჩემპიონს სამ ქულასაც აართმევდნენ. დინამოელებს თითქოს ტერიტორიული უპირატესობა ეპყრათ (განსაკუთრებით ბოლო 15 წუთში), მაგრამ თამაშს ვერ ამწვავებდნენ. ყველაზე სახიფათო მომენტი 85-ე წუთზე შეიქმნა, როცა შეცვლაზე შესული მათე ვაწაძე ურტყამდა თავით, თუმცა ბურთი ოდნავ ასცდა რევაზ თევდორაძის კარს.

ბევრი მცდელობის მიუხედავად დინამომ ლოკომოტოვს გოლი ვერ გაუტანა ბადრი კეთილაძის ფოტო

„დინამომ“ უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა, რაც, შესაძლოა, ჩემპიონობის ფასადაც დაუჯდეს. მით უმეტეს, რომ ლიდერმა „საბურთალომ,“ ტურის ბოლო მატჩში, თითქმის უიმედო „კოლხეთი“ 4:1 გაანადგურა. დუბლი მიითვალა გიორგი დიასამიძემ. ხოლო ლადო დვალიშვილმა ორი წლის შემდეგ პირველად გაიტანა ეროვნულ ჩემპიონატში. ბოლოს თავი მას 2016 წლის 15 ოქტომბერს გამოეჩინა, როცა „დინამოს“ მაისურით „გურია“ დაამწუხრა.

ახლა „საბურთალო“ „დინამოს“ 7 ქულით უსწრებს. მართლია, დინამოელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. მაგრამ იმ თამაშსაც ხომ უნდა მოგება, თან ვისთან –  „ტორპედოსთან.“

ქუთაისელები მესამე ადგილისთვის იბრძვიან და მათაც მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს შინ „რუსთავთან“ (2:2). ეგ კი არა, კინაღამ წააგეს. მამუკა კობახიძემ მხოლოდ 91-ე წუთზე შეძლო გათანაბრება.

ტურის გამხსნელ მატჩში კი „ჩიხურამ“ ივანწმინდაში უშუალო კონკურენტ „დილას“ 2:1 მოუგო და მესამე ადგილზე დადგა. დუბლი მიითვალა მიშიკო სარდალიშვილმა. ეს საჩხერელთა ზედიზედ მესამე გამარჯვებაა. „დილა“ კი ამდენივე ტურია ვეღარ იგებს.

კიდევ ერთი დუბლი „სიონი“ – „სამტრედიის“ მატჩში (4:2) ვიხილეთ და მისი ავტორი ვილი ისიანი გახლავთ (სულ ელიგის წლევანდელ სეზონში 38 დუბლია შესრულებული).

ამავე მატჩში სამი პენალტი დაინიშნა – ბოლნისელმა დათო კირკიტაძემ და სამტრედიელმა გიორგი ფანცულაიამ ზუსტად დაარტყეს. აი, სტუმარმა ოლეგ მამასახლისმა კი ვერ გაიტანა, თორნიკე ზარქუამ აუღო. ეს სეზონში მე-8 ვერგატანილი პენალტი გახლდათ.

29-ე ტური: ჩიხურა 2:1 დილა, სიონი 4:2 სამტრედია, დინამო 0:0 ლოკომოტივი, ტორპედო 2:2 რუსთავი, საბურთალო 4:1 კოლხეთი

სატურნირო მდგომარეობა

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
საბურთალო36247564:2979
დინამო36216973:3869
ტორპედო36209766:2569
ჩიხურა361971054:3364
დილა361712760:4063
ლოკომოტივი361281643:5544
რუსთავი368131533:4437
სიონი36872139:6531
სამტრედია36492328:8121
კოლხეთი36482426:7614

„კოლხეთს“ დაკლებული აქვს 6 ქულა

 30-ე ტური

26 ოქტომბერი: რუსთავი – ჩიხურა

27 ოქტომბერი: კოლხეთი – სიონი, სამტრედია -დინამო, დილა – საბურთალო

28 ოქტომბერი: ლოკომოტივი – ტორპედო

 22-ე ტურის გადადებული მატჩი

31 ოქტომბერი: დინამო – ტორპედო

მეგოლეები: გიორგი გაბედავა (ჩიხურა) – 16, მიკოლა კოვტალიუკი (დილა) – 15, ბუდუ ზივზივაძე (დინამო) – 14, ლეანდრო რიბეირო (დილა) – 13, ოთარ კიტეიშვილი (დინამო/შტურმი ავსტრია) – 11, ლევან კუტალია (ტორპედო) – 10,  მამია გავაშელიშვილი (ლოკომოტივი), ვაგნერ გონსალვეში (საბურთალო) – 9

წილი
წინა სტატიაბარსელონა ლიდერია, მაგრამ…
შემდეგი სტატიაგენოს აურა
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.