- ერთი კარგად ამიხსენი, “ბარსელონას” ამბავი როგორ იქნება
- ტუზი დაეცა.
- განა ის კაცი ტუზია?
- ფაბიო კაპელო?
- რაღაც არ მესმის მაგის ტუზობა.
- მართლა არ გესმის. ეგ როგორი ტუზია იცი?
- ტუზი, ტუზი უნდა იყოს. “როგორი ტუზი” რა გამოთქმაა?
- აი, აგიხსნი. იცი, როგორი ტუზია? აი, კალოდაში რო დაიკარგა და ბოლოს მაინც კოზირად გამოვა.
- ვა? რა ქურდულადა თქვი.
- ეგრეა, კაპელო თავის ამბავში ქურდია.
- და რატომ დაემართა ეგ ამბავი?
- ვის არ დამართნია. ერთი ჩაუვარდა, სხვა რა?
- ჰო, მაგრამ ყველგან კარი მოუხურეს.
- ახლა ისეთი დროა, კარს კაი ხალხს უხურავენ.
- ისე, ყასაბსა ჰგავს.
- აბა ,კაი ბიჭი ჯონი დეპია, მაგრამ ფეხბურთი არ იცის.
- “ბარსელონას” რა უნდა უშველოს?
- დაუჭერს ვინტებს.
- ვინტებდაჭერილი “ბარსელონა” რაღა “ბარსელონაა”?
- რატომ?
- სილაღეს დაკარგავს.
- ისე კაპელო ჯერ ვერ მივიდა გუნდში.
- არ შეუშვეს?
- არა, ვან გაალი ჯერ არ წამოსულა.
- როგორ არ წამოსულა, გაუშვეს.
- ჰო, მაგრამ ჯერ კონტეინერები არ მოსულა.
- კონტეინერები? რისთვის?..
- ვან გაალის რვეულების წასაღებად.
- ამდენი მოუგროვდა?
- უჰ, თორმეტი ტონა.
- რა უწერია შიგ?
- არავინ იცის.
- შენ რომ ამბობ, კაპელოს ერთი ჩაუვარდა, ვან გაალსაც ხომ ერთი ჩაუვარდა?
- ის სხვა ჩავარდნაა.
- არაფერი სხვა არ არის. შენ ვან გაალი არ გიყვარს.
- მე არ მიყვარს, როცა კაცი ქალაქიდან ქალაქში დადის და თან ერთი დუჟინი მოთამაშეები დაჰყავს. ცირკია, თუ ფეხბურთი?
- ესე იგი, შენ ევროკავშირის წინააღმდეგი ხარ.
- არა, მე მინდა, რომ ვინსტონ ბოგარდი “აიაქსს” დაუბრუნდეს.
- თუ “გრააფსხაპს”?
- არა მგონია, დღევანდელი “აიაქსი” უკეთესი იყოს.
- აი, მორტენ ოლსენი რომ დაგვენიშნა “ბარსას” მწვრთნელად?
- სხვათა შორის, არ იქნებოდა ურიგო.
- რას ამბობ?
- იჯდებოდა და უყურებდა რას დააშავებდა?
- კაპელო რაღას დააშავებს?
- ყოველ შემთხვევაში, მეტი გადაშავება შეუძლებელია.
- და გაზა?
- გაზა რაღა შუაშია?
- ბოგარდი თუ “გრააფსხაპში”, გაზა სადღა?
- შენ ამბობ, რომ რაიციგერი არ არის თავის ადგილზე და გაზა თავის ადგილზეა?
- მე ვამბობ, რომ თამაშის დროს მწვრთნელი იმდენს არ უნდა წერდეს, რომ თამაშს ვეღარ უყურებდეს.
- კონტეინერებზე ამბობ?
- იმ კონტეინერში მთელი სურინამი ჩაეტევა.
- და სად წავა?
- სადმე. რვეულებთან ერთად. იპოვნიან გზას.
12.12.1998