თუკი სულ რაღაც ათიოდე წლის წინათ ვიცოდით, რომ სპორტის ყველაზე შემოსავლიანი სახეობები კალათბურთი, გოლფი და ფორმულა 1-ის ავტორბოლებია, დღეს ამ მხრივ რევოლუციური „რეფორმების“ მოწმენი ვართ. ფეხბურთი არათუ დაეწია ლიდერებს, გადაუსწრო კიდეც. კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი ბოლო წლებში მუდმივად ფიგურირებენ ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა შორის, ხოლო წამყვანი საფეხბურთო კლუბების ბიუჯეტი მალე ალბათ მილიარდ ევროს უწევს.

რახანია, აღარავის აკვირვებს დაახლოებით შემდეგი შინაარსის ინფორმაცია: „კრიშტიანუ რონალდუმ ნიუ იორკის ცათამბჯენ „ტრამპ თაუერში“ ბინა 18 მილიონ დოლარად შეიძინა”, “ნადირობის დიდმა მოყვარულმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შვედეთში სიდიდით მესამე კუნძული იყიდა და ტახებსა თუ ირმებზე იქვე ნადირობს“, ან „ნეიმარს სტილისტთან ყოველი ვიზიტი სულ ცოტა 2 ათასი ევრო უჯდება და ეს კვირაში რამდენიმეჯერ ხდება“. ეს უკვე ჩვეულებრივი ამბებია, ყოველდღიურობის ნაწილი.

ფეხბურთი პლანეტაზე სპორტის უპირველესი, უპოპულარულესი სახეობაა და მოდი, სიტუაციას მეორე მხრიდანაც შევხედოთ, ფეხბურთის პოპულარობა მაყურებელთა რაოდენობით შევაფასოთ.
რუსეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის 64 მატჩს 3 031 830 გულშემატკივარი დაესწრო, ანუ თითო მატჩზე სტადიონის ტრიბუნებზე საშუალოდ 47 372 მაყურებელი იყრიდა თავს. ეს მაჩვენებელი 5 ათასით ნაკლებია ბრაზილიაში 2014 წელს გამართული მუნდიალის საშუალო დასწრებაზე. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ მაინც ძალიან შთამბეჭდავ ციფრებზე ვსაუბრობთ.
მაგრამ რა ვუყოთ იმ საოცარ ფაქტს, რომ მორაგბეთა ბოლო, 2015 წელს ინგლისსა და უელსში გამართული მსოფლიო თასის 48 მატჩს 2 477 805 მაყურებელი დაესწრო, ანუ საშუალოდ თითოეულ თამაშს 51 621-კაციანი აუდიტრია ჰყავდა? და რა ხელფასებია დღევანდელ რაგბში? რა ოდენობის ბიუჯეტებია ყველაზე მდიდარ სარაგბო კლუბებში?

ისრაელ ფოლაუს შემოსავალი წელიწადში 1 260 000 ევროა…

მოდი, შევადაროთ ფეხბურთი და რაგბი ამ კუთხითაც.

არსებობს საფეხბურთო სისტემისგან ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი დეტალი. მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი ქვეყნის რაგბის კავშირი ნაკრების წევრებს კონტარქტებს უფორმებს და ხელფასსაც უხდის. საქმე ისაა, რომ სარაგბო საზომებით ყველაზე მაღალი ხელფასები საფრანგეთის ტოპ 14-ში არის და რათა ახალზელანდიელი, ავსტრალიელი, სამხრეთაფრიკელი თუ ინგლისელი ვარსკვლავების საფრანგეთში მასობრივი გადინება არ მოხდეს, ადგილობრივი რაგბის კავშირები ამ ვარსკვლავებს კონტრაქტებითა და საკლუბო ხელფასებზე სოლიდური დანამატებით აკავებენ სამშობლოში. ასე ბათილდება სხვაობა ფრანგულ ხელფასებსა და დანარჩენ სარაგბო ელიტაში არსებულ ჯამაგირებს შორის.

ციფრებზე გადავიდეთ. მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი დღეს არგენტინელი ლეო მესია, ვინც „ბარსელონასთან“ არსებული კონტრაქტითა და მასში გათვალისწინებული ბონუსებით 2018 წელს 95 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. კრიშტიანუ რონალდუ 93 მილიონით მეორეა, ხოლო ნეიმარი – მესამე (78 მლნ ევრო).

… დენ კარტერის კი 1,22 მილიონი

შევადაროთ ტოპ-მორაგბეებს. 2018 წელს სპორტის ამ სახეობის სუპერვარსკვლავთაგან ყველაზე მეტ ფულს ავსტრალიის რაგბის კავშირთან და სუპერ რაგბის მონაწილე ფრენჩაიზთან არსებული კონტრაქტებით ფულბეკი ისრაელ ფოლაუ მიიღებს – 1 260 000 ევროს! დიახ, შეცდომა არ გეგონოთ – მილიონ ორასსამოცათას ევროს. წელიწადში. სწორედ ფოლაუს დაუთმო პირველობა ლეგენდარულმა ზელანდიელმა დენ კარტერმა, ვინც კარიერას იაპონიის რიგით კლუბში ამთავრებს და მხოლოდ 1,22 მილიონით გაისქელებს ჯიბეს. 36 წლის კარტერი „ოლ ბლექსში“ აღარ თამაშობს, ანუ მითითებულ ხელფასს მხოლოდ იაპონიაში იღებს…

ახალდაწყებული, 2018-2019 წლების სეზონის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი საფეხბურთო კლუბების მოწინავე სამეულს „მანჩესტერი“, „რეალი“ და „ბარსელონა“ შეადგენენ, რომელთა ბიუჯეტები 650-დან 675 მილიონ ევრომდე ინტერვალშია მოქცეული, მაშინ, როცა სარაგბო კლუბებს შორის უმსხვილესი ბიუჯეტით თავს ფრანგული „სტად ფრანსე“ იწონებს, ვისმა გერმანელმა მეპატრონემ, მილიარდერმა ჰანს-პეტერ ვილდმა 34 მილიონი ევრო დაუწესა 2018-2019 წლების სეზონზე. ესაა მსოფლიოს უმდიდრესი სარაგბო კლუბი. მეორე-მესამე ადგილებზე ასევე ტოპ 14-ის კლუბებია – „კლერმონი“ (32,5 მლნ) და „ტულუზი“ (32)…

მოკლედ, სიტყვა „შედარება“ ამ შემთხვევაში აშკარად უადგილოა. არადა მსოფლიოს საფეხბურთო და სარაგბო ფორუმებისადმი ხალხის ინტერესის შედარება აბსოლუტურად ლეგიტიმურია, სტატისტიკა უემოციო დისციპლინაა და როგორც ზემოთ დავასაბუთეთ, უკვე რაგბის მცირეოდენ უპირატესობაზეც კი მიუთითებს.