იურგენ კლოპსა და სერხიო რამოსს შორის კამათი გრძელდება. ეს ის კამათია, რომელიც მაისის ბოლოს, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დაიწყო. მოგეხსენებათ, იმ შეხვედრაში „ლივერულის” თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი „რეალის” მცველსა და კაპიტანთან ჭიდაობის მსგავს ორთაბრძოლაში დაშავდა და მოედნის დატოვება მოუხდა.

თითქოსდა ჩამცხრალი ვნბათაღელვა გასულ კვირაში მერსისაიდელთა გერმანელმა თავკაცმა განაახლა, როდესაც რამოსის „ნებისმიერ ფასად გამარჯვების სტილი” გააკრიტიკა.

„რეალს” დღეს ევროპის სუპერთასის შეხვედრა აქვს „ატლეტიკოსთან”. მადრიდული გუნდები უეფას ეგიდით ჩასატარებელი ამ შეხვედრისთვის ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ჩავიდნენ. სწორედ იქ, მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე რამოსს კლოპის ნათქვამზე კომენტარიც სთხოვეს.

„ამ თემაზე ლაპარაკი აღარ მინდა. მისი აზრი მისი აზრია. ყველას აქვს უფლება ჰქონდეს თავისი შეხედულება და ყველას აზრს პატივი უნდა ვცეთ. მე მოჰამედ სალაჰის მკლავის დაჭერა არ მინდოდა, ის პირველი ჩამებღაუჭა, ხოლო თუ იურგენ კლოპს ამით მარცხის გამართლება უნდა, მაშინ შევახსენებ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც მან ფინალი წააგო. უჯობს თავის ფეხბურთელებზე იდარდოს და თავი დაანებოს მათ, ვინც წლობით საუკეთესო შედეგებს აჩვენებს უმაღლეს დონეზე. ვნახოთ, თავად თუ შეუძლია მწვრთნელის რაგნგში იმავეს გამეორება. თუმცა, ის თავის საქმეში დიდებულია და წლის საუკეთესო მწვრთნელის გამოკითხვაში ხმა მას მივეცი”.

ცნობისათვის: იურგენ კლოპს კარიერაში მართლაც შვიდი(!) ფინალი აქვს წაგებული.