ინგლისისა და ხორვატიის ნახევარფინალური შეხვედრის მსაჯად თურქი ჯუნეით ჩაქირი დანიშნეს, რამაც ინგლისელები გაახარა — გარეთ საუთგეიტის ბიჭებისთვის კარგი ნიშანიაო. ინგლისს არასდროს წაუგია შეხვედრა რომელსაც ჩაქირი სჯიდა. გუნდისთვის, რომელსაც 1990 წლის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ელის, ეს იმედისმომცემია.
მოგეხსენებათ, 41 წლის თურქი ფიფას ერთ-ერთ ყველაზე კვალიფიციურ არბიტრად ითვლება და მას როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე ხშირად ანდობენ მნიშვნელოვან შეხვედრებს.
ინგლისის და ხორვატიის დაპირისპირება ჩაქირისთვის მიმდინარე მონდიალზე მესამეა. აქამდე ის გაუძღვა მაროკოსა და ირანის, აგრეთვე არგენტინისა და ნიგერიის შეხვედრებს. ფეხბურთისმიღმა ცხოვრებაში დაზღვევის აგენტმა ამ ორ თამაშში ფეხბურთელებს ცხრაჯერ ამოუღო ყვითელი ბარათი, წითლისთვის კი არ მიუმართავს.
ახლა, რაც შეეხება ინგლისის ნაკრების შეხვედრებს — ბოლოს თურქმა „უემბლიზე” შოტლანდიასთან 3:0 გამარჯვებას უმსაჯა. ეს მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი გახლდათ. უფრო ადრე კი ჩაქირი ინგლისელთა კიდევ სამ შეხვედრას გასძღოლია: „ევრო 2016″-ის შესარჩევში შვეიცარიასთან 2:0-ს; „ბრაზილია 2014″-ის შესარჩევში უკრაინასთან 1:1-ს და „სამხრეთ აფრიკა 2010″-ის შესარჩევში ანდორასთან 2:0-ს.
ერთადერთი, რაც ინგლისელებს არ მოსწონთ არის ის, რომ უკრაინასთან შეხვედრაში სტივენ ჯერარდს მეორე ყვითელი ამოუღო და მოედნიდან გააგდო.
ხორვატიის ნაკრების შეხვედრა ჯუნეით ჩაქირს არასდროს უმსაჯია.
ნაკრების გარდა თურქი რეფერი გასძღოლია შეხვედრებს ინგლისური კლუბების მონაწილეობითაც. სწორედ ჩაქირი უძღვებოდა ჩემპიონთა ლიგის მატჩს, რომელშიც „ტოტენჰემ ჰოთსფურმა” „რეალს” 3:1 მოუგო. ჩაქირი იყო „ჩელსისა” და „ატლეტიკოს” მსაჯიც, როდესაც ლონდონელებმა მადრიდელებს 2:1 აჯობეს. ის გაუძღვა ფლეი-ოფის შეხვედრას „ჩელსისა” და „ბარსელონას” შორის, რომელიც 1:1 დასრულდა.
2015 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი „ბარსელონასა” და „იუვენტუსს” (3:1) შორის ასევე ჩაქირმა იმსაჯა, თუმცა ეს ინგლისელებს აღარ ეხებათ.