2014 -ში კარიერის დასრულების შემდეგ ტიერი ანრი SKY SPORTS-ის კომენტატორი გახდა და მსუყე კონტრაქტი გააფორმა – 24 მილიონი გირვანქა 6 წელიწადში. მომდევნო წელს „არსენალის“ ახალგაზრდულ გუნდში მწვრთნელობაც იტვირთა, მაგრამ იქ მხოლოდ ერთი სეზონი იმუშავა. არსენ ვეგერს არ მოსოწონდა მისი მწვრთნელ-კომენტატორობა და არჩევანის წინაშე დააყენა. ანრიმ კომენტატორობა არჩია.
იმავდროულად სამწვრთნელო კურსებზე სწავლობდა და 2016-ის მარტში უეფას A ლიცენზია აიღო, რომელიც პრემიერლიგაში არა, მაგრამ ქვედა დივიზიონებში მუშაობის უფლებას აძლევს. ზოგიერთი ჩიოდა, რომ ანრიმ დაჩქარებული წესით გაიარა კურსები, რაკი ის ტიერი ანრია. იმავე წლის აგვისტოში რობერტო მარტინესმა ბელგიის ნაკრებში მეორე თანაშემწის (პირველი გრემ ჯონსია ) ადგილი შესთავაზა და ფრანგი დათანხმდა.
ანრის მიაჩნია, რომ ბელგიის ნაკრებს უპირველესად მეტი გაბედულება მართებს. ფრანგი თანაშემწე უმეტესად მოტივაციაზე და ხასიათზე საუბრობს, ვიდრე ტაქტიკაზე. „მარტინესს და ჯონსს თამაშის სტურქტურის ააწყობაში ვეხმარები – თქვა ანრიმ – თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, ისაა, რომ ფეხბურთელებმა ირწმუნონ, რომ მათ ისტორიაში შესვლა შეუძლიათ“.
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ბელგიასთან საბერძნეთი, ბოსნია, კვიპროსი, ესტონეთი და გიბრალტარი მოხვდნენ. ბელგიელებმა ათიდან ცხრა მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს და 43 გოლი გაიტანეს.
„ანრი ჩვენთვის ძალიან საჭირო კაცია – თქვა რობერტო მარტინესმა – ჯერ ისევ აქვს შემორჩენილი პირველობის სურვილი, რამაც ის თავის დროზე დიდ ფეხბურთელად აქცია. სეზონის განმავლობაში ნაკრებთან მწვრთნელები ბევრ დროს ვერ ვატარებთ, ანრის კი მოკლე დროში შეუძლია ფეხბურთელები „დაქოქოს“ მომდევნო მატჩისთვის.“
ბელგიას ვარსკვალვური გუნდი ჰყავს და ანრიც ამიტომ ფიქრობს, რომ დროა, ნაკრები დიდი ტურნირის მოსაგებად მოემზადოს. „რწმენა, ტაქტიკა, ფილოსოფია, ინდივიდუალურობა – ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ მაღალი კლასის ფეხბურთელების ნაკლებობა, გამარჯვების შანსიც ნაკლებია. ჩევნ კი სწორედაც რომ მსოფლიო დონის ფეხბურთელები გვყავს. აზარის, დე ბრუინის და ლუკაკუს ნიჭი ცოტა მაშინებს კიდეც.“
„ანრისთან იოლად ვერ გამოხვალ – თქვა ლუკაკუმ – ძალიან მომთხოვნია. კარგი პასიც რომ გავაკეთო და ბურთმა ოდნავ იხტუნოს, საყვედურს მაინც ვიღებ. მისგან ვისწავლე საჯარიმოში სწორად მოძრაობა და ისიც, რომ თამაშგარეში ხშირად არ მოვხვდე.“ მიში ბატშუაის ანრისთან პირველი ვარჯიშის შემდეგ უთქვამს: „დარწმუნებული არ ვარ, რომ მშობლებსაც ისე ყურადღებით ვუსმენდი, როგორც მას.“
ფრანგისთვის თანაშემწეობა დროებითი საქმეა და მთავარ მწვრთნელობამდე „გაზრდას“ ფიქრობს: “მგონი, ქვედა საფეხურებიდან დაწყება სწორია. რობერტო მარტინესთან მუშაობით დიდ გამოცდილებას მივიღებ“. ტიერი ანრის ხელფასი ბელგიის ნაკრებში წელიწადში 50 ათასი ევროა და მთელი ეს ფული საქველმოქმედო საქმეებზე მიდის.
მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ანრიმ თქვა: „საფრანგეთს კარგი ფეხბურთელები ჰყავდა 90-იანების დასაწყისში, მაგრამ ორ მონდიალზე( 1990, 1994 ) ვერ მოხვდა. ფსიქოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა ირწმუნო საკუთარი ძალა ნებისმიერ მეტოქესთან, გახვიდე და გაანადგურო ყველაფერი. აი, სწორედ ეს სჭირდება ამჟამად ბელგიას და თუ ეს მოვახერხეთ..“