ფეხბურთს 22 კაცი თამაშობს, ბოლოს კი ყოველთვის გერმანია იმარჯვებს – გარი ლინეკერის ათეულწლობით გამყარებული ეს საფეხბურთო აქსიომა დაიმსხვრა. აკი დაწერა კიდეც სოციალურ ქსელში ინგლისელთა ექსვარსკვლავმა, ფეხბურთი მარტივი თამაშია, სადაც 22 კაცი 90 წუთის მანძილზე ბურთს დასდევს, ბოლოს კი გერმანელები ყოველთვის ვერ იმარჯვებენ.

წინა ვერსია ისტორიას დარჩაო…

მსოფლიო მასშტაბის ხმაური მოჰყვა გერმანელების ჯგუფში ჩარჩენას. ასეა, როცა არნახული რამ ხდება.

გერმანელთა ეს ფიასკო მართლაც რომ არნახული იყო, რაკიღა პირველად ვერ გავიდნენ ჯგუფიდან. არადა, შვედეთთან კროოსის ნაგვიანევი, მოხდენილი გოლის შემდეგ ერთობ სამანშაფტო სიტუაცია შეიქმნა – გადამწყვეტ მატჩში მეტოქედ უმოტივაციო, ჯგუფის აუტსაიდერი, რანგით და კლასით დაბალი კორეა… კორეა, რომელმაც თავად გერმანია აქცია ბოლოადგილოსნად და უსუსურ აუტსაიდერად…

რეალობასთან შეუსაბამოა სტატისტიკა, რომელიც გერმანელებს ამ თამაშში ჰქონდათ. მეტოქის კარისკენ 28 დარტყმა ჯერჯერობით საუკეთესო მაჩვენებელია მონდიალზე. გერმანელთა პასების 8.1% მოწინააღმდეგის საჯარიმოში ჩაწოდებებით მთავრდებოდა. ასეთი 57 პასი იყო და ესეც საუკეთესო შედეგია. უაღრესად მწვავე 7 პასი გააკეთა მესუთ იოზილმა. ცალკეულ ფეხბურთელებში ესეც საუკეთესო მაჩვენებელია.

მთელი ჯგუფური ეტაპის მანძილზე იოახიმ ლიოვის გუნდმა საგოლედ 72(!) დაარტყა, რაც ძალზედ მაღალი მაჩვენებელია. შედარებისთვის, ამ მხრივ მეორეადგილოსან ესპანეთს 49 ჯერ აქვს დარტყმული მეტოქეთა კარისკენ…

აი ასეთი შთამბეჭდავი სტატისტიკით ჩარჩა გერმანია და ბუნებრივია ჩნდება კითხვა – რატომ? ეს დღეებია გაუთავებლად იწერება, რომ თურმე 2002 წლიდან მოყოლებული მსოფლიოს ჩემპიონი ჯგუფში რჩება, ასე დაემართა საფრანგეთს, მოგვიანებით ესპანეთს და აგერ ახლა გერმანიასო. საინტერესო თანხვედრაა, მაგრამ ბუნებრივია ეს არ არის გერმანული სირცხვილის მთავარი მიზეზი, მით უფრო რომ ამ ჩემპიონთა ჩარჩენის ოცწლიან ამბავში ჯაჭვის ერთი რგოლი ამოვარდნილია, რადგან 2002 წლის ტრიუმფატორმა ბრაზილიამ, 2006 წელსაც ლაღად გაიარა ჯგუფური ეტაპი…

მოკლედ, მიზეზი სხვაა და ალბათ უფრო კომპლექსურიც, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ათი წლის მანძილზე გერმანელებმა პირველად წააგეს ისე, როგორც არასდროს – მწვრთნელის შეცდომებით.

თვალნათლივ გამოჩნდა იოახიმ ლიოვის კრახი, რაკიღა გერმანია ტაქტიკურად ჩავარდა კორეასთან. თავად განსაჯეთ, მესამოცე წუთისთვის ლიოვს ორივე საყრდენი ნახევარმცველი გაყვანილი ჰყავდა და გარდა იმისა რომ ეს ზონა მოშიშვლებული ჰქონდა, შემტევებიც უსისტემოდ იყვნენ წინ გადასროლილი.

შედეგად ისინი ხელს უფრო უშლიდნენ ერთმანეთს. მაგალითისთვის კიმიხის და ვერნერის მოქმედებებიც გამოდგება. ამიტომაც იყო შემტევებზე მეტად მეტოქის კარს მატს ჰუმელსი რომ ემუქრებოდა, მან ყველა მოიერიშეზე (ერთად აღებული) მეტი საგოლე მომენტი (3) შექმნა.

ალემანთა ჩავარდნას მთელი მსოფლიოს პრესა გამოეხმაურა, თავად გერმანულ გამოცემებსაც კი ეტყობათ რომ ჯერაც შოკში არიან. ასეთ რამეს მიუჩვეველი გერმანული გაზეთების მოწინავე გვერდები მშრალი და ლაკონურია. თითქმის იდენტური შინაარსის „გერმანია მოულოდნელად დამარცხდა“… მშრალი და უემოციო იყო ქომაგთათვის ბოდიშიც, რომელიც ნაკრების სახელით გავრცელდა – ვწუხვართ, ჩვენც თქვენსავით გვეწყინაო…

ფაქტია, დანარჩენ მსოფლიოში უფრო მწვავედ აღიქვეს მომხდარი – აგერ, ლიბანში სულაც გერმანულდროშაგადაფარებული კუბო დაკრძალეს. სამგლოვიარო პროცესიაში კი ბრაზილიური დროშები ჭარბობდა…