მოჰამედ სალაჰის ტრავმის შესახებ უპირველეს ყოვლისა მთავარი ვთქვათ. ჩემპიონთა ლიგის ფინალის დამთავრების შემდეგ, უკვე კვირას, ღამით, ეგვიპტის ნაკრების ტვიტერზე დაწერეს:
„ნაკრების ექიმის მოჰამედ აბუ ელ ელას თქმით „ლივერპულის” სამედიცინო გუნდმა მას შეატყობინა, რომ სალაჰს მხარზე რენტგენი გადაუღეს, სადაც გამოჩნდა, რომ ფეხბურთელს მხრის სახსრები აქვს დაზიანებული. დიაგნოზის თანახმად შეგვიძლია გამოვთქვათ იმედი, რომ სალაჰი მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს”.
ახლა კი თავიდან მოვყვეთ: „ლივერპულის” მთავარი ვარსკვლავი, ეგვიპტელი მოჰამედ სალაჰი „რეალთან” შეხვედრის 30-ე წუთზე, სერხიო რამოსთან ორთაბრძოლის დროს დაშავდა. ამ ეპიზოდში მსაჯს ჯარიმაც კი არ დაუნიშნავს, თუმცა გამეორებებზე გამოჩნდა, რომ რამოსს ბურთისთვის ბრძოლაში ჭიდაობის ილეთის მაგვარი ფანდი გამოუვიდა, რომლის შედეგადაც სალაჰი უხერხულად დაეცა. თავდამსხმელმა თამაშის გაგრძელება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო და ცოტა ხანში მოედნიდან აცრემლებული გავიდა. სალაჰი რენტგენის გადასაღებად კიევის საავადმყოფოში წაიყვანეს.
მატჩის შემდგომ „ლივერპულის” მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თქვა: „ეს იყო თამაშის ერთ-ერთი საკვანძო მომენტი. ვიცი, დამარცხება ამას რომ დავაბრალო ლუზერად გამოვჩნდები, მაგრამ ვფიქრობ, რომ სალაჰის წინააღმდეგ იუხეშეს. ჭიდაობის ილეთი გამოიყენეს, მაგრამ მოსაც არ გაუმართლა, მაინცდამაინც მხარზე დაეცა. ფაქტია, რომ ამის გამო ცოტა უკან დავიხიეთ. სანამ გადავეწყობოდით, „რეალმა” მისთვის პოზიტიური მომენტის გამოყენება სცადა.
შესვენებისას რაღაცები შევცვალეთ და დაცვაში უკეთ ავთამაშდით, მაგრამ შემდეგ იყო სხვა საკვანძო მომენტები — გოლები”.
მოგვიანებით სალაჰის ტრავმაზე სერხიო რამოსმაც დატვიტა: „სამწუხაროდ, ფეხბურთი ხან კარგი მხრიდან დაგენახება და ხან ცუდიდან. მაგრამ, ყველაფერზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ პროფესია გვაერთიანებს”.