ორი კაცი დაიჭირეს. ისინი იურისტების ენით რომ ვთქვათ მკვლელობის მცდელობაში არიან ეჭვმიტანილები. დაზარალებულია 53 წლის ლივერპულელი მოქალაქე, რომელიც „დეილი მეილის” ცნობით ქუჩაში ეგდო და სიკვდილს ებრძოდა.
ინგლისური გაზეთი წერს, რომ ჩხუბი თამაშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ატყდა, როდესაც რომაელმა ფანებმა, რომლებსაც კლუბის მაისურები არ ეცვათ, „ენფილდთან” ახლოს „ალბერტ პაბს” შეუტიეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ იტალიელი ხულიგნები ქამრებით და ჩაქუჩებით იყვნენ შეიარაღებულები.
53 წლის კაცმა გონება დაკარგა და უოლტონის ნევროლოგიის ცენტრში გადაყვანამდე სასწრაფო დახმარება დასჭირდა. მოგვიანებით მიაკვლიეს დაზარალებულის ნათესავებს, რომელთაც თქვეს, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა.
მერსისაიდის პოლიციამ განაცხადა, რომ ჯამში 47 ადამიანია დაკავებული. მათ ბრალად სხვადასხვა რამ ედებათ, ჩხუბით დაწყებული სახიფათო საგნების ტარებით დამთავრებული. ცხადია, იყვნენ მთვრალებიც.
პოლიციის წარმომადგენელმა, დეივ ჩერნოკმა თქვა, რომ სულ თამაშს 52 ათასამდე ადამიანი დაესწრო, მაგრამ მათ შორის მაინც აღმოჩნდა რომაელ და ლივერპულელ ხულიგანთა ჯგუფი, რომლებმაც სერიოზული პრობლემები შექმნეს. 53 წლის კაცზე თავდასხმისთვის კი 25 და 26 წლის რომაელები არიან დაკავებულები. მიმდინარეობს გამოძიება, სწავლობენ ქუჩებში განლაგებულ ვიდეოკამერების ჩანაწერებს.
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „ლივერპულმა” „რომას” 5:2 მოუგო.