„რეალისა” და „ბაიერნის” დაპირისპირება ყოველთვის სასეიროა. ხვალ ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩს გამართავენ. მადრიდელთა და ბავარიელთა მოახლოებული შეხვედრის შესახებ წარსულში ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი შტეფან ეფენბერგი ლაპარაკობს.
„მადრიდს უმაღლესი დონის გუნდი ჰყავს, შესაძლოა მსოფლიოში უძლიერესიც კი. ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ ორი გამარჯვება სწორედ ამის დასტურია, მაგრამ კლასით არც „ბაიერნი” გახლავთ შორის”, — უთხრა ესპანურ გამოცემა AS-ს 49 წლის ვეტერანმა.
საინტერესოა, რომ ეფენბერგს მიუნხენელთა მთავარ პრობლემად სულაც არ მიაჩნია კრიშტიანუ რონალდუ. ის ამბობს:
„კრიშტიანუ მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მაგრამ მთავარი სერხიო რამოსი გახლავთ. მის წინააღმდეგ თამაშს არ ვისურვებდი. არ ვაჭარბებ როდესაც ვამბობ: რომ არა სერხიო რამოსი, „რეალი” ამდენ ჯილდოს ვერ მოიპოვებდა! იმავეს ვიტყვი ტონი კროოსზეც. კროოსის თავდადებამ მადრიდელებს მსოფლიო ელიტისკენ ბოლო ნაბიჯი გადაადგმევინა”.
სერხიო რამოსი 32 წლისაა. ის 2005 წლიდან „რეალში” თამაშობს. რაც შეეხება კროოსს, იგი 2014 წელს „რეალში” სწორედ „ბაიერნიდან” გადავიდა. გერმანელი ნახევარმცველი 28 წლის გახლავთ.
ეფენბერგს რობერტ ლევანდოვსკის შესახებ ჰკითხეს. „ბაიერნის” პოლონელი თავდამსხმელი შესაძლოა კროოსის გზას გაუყვეს და ზაფხულზე „რეალს” შეუერთდეს.
„კარგად მესმის რატომ ნადირობენ მასზე. მისი შეძენა რამდენიმე ინგლისურ გუნდსაც სურს. თუ რობერტი იტყვის, რომ წასვლა უნდა, „ბაიერნი” მას გაუშვებს. აშკარაა, რომ ლევანდოვსკის ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა, თუმცა მიუნხენში მას ყველა პირობა აქვს შექმნილი”.
ზიდანი! აი, კიდევ ერთი არგუმენტი, თუ რატომ არის ეფენბერგისთვის „რეალი” გამორჩევით ძლიერი გუნდი.
„როდესაც ფეხბურთელების წინ ზინედინ ზიდანი დგას და რაღაცას ამბობს, ავტომატურად ყველა უსმენს. ფეხბურთში მას ყველაფერი გამოუცდია და ყველა ტიტული მოუგია. ზიდანს არაფრად სჭირდებოდა სხვა გუნდში მუშაობა, ის პირდაპირ „რეალს” ჩაუდგა სათავეში. ახლა რომ მკითხოთ, ვერც კი დაგისახელებთ „რეალის” ისტორიაში ზიდანზე უკეთეს მწვრთნელს. ვითომ, დელ ბოსკე? ორივეს ორჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა. მახსოვს, ერთხელ „რეალის” ფეხბურთელები ჟოზე მოურინიუს შესახებ ყვებოდნენ დელიკატურ ისტორიას. თურმე, პორტუგალიელმა არ იცოდა როგორ მოქცეულიყო დამარცხების შემდეგ და ეს იმიტომ, რომ ის თავად არ ყოფილა ფეხბურთელი. ზიდანს კი ფეხბურთში უკლებლივ ყველაფერი აქვს გამოცდილი”.
შტეფან ეფენბერგი „ბაიერნში” 1998-2002 წლებში თამაშობდა. 2001 წელს მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 1999 წელს მონაწილეობდა ისტორიულ ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდებ, რომელსაც ბავარიელები 1:0-ს იგებდნენ და ბოლო რამდენიმე წამში 1:2 წააგეს.