„ბაიერნი” სამომავლო რეორგანიზაციას ეწევა და საკვანძო პოზიციებზე თავის ყოფილ ფეხბურთელებს ნიშნავს.

გასული ზაფხულიდან მოყოლებული კლუბის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე 41 წლის ჰასან სალიჰამიჯიჩი მუშაობს. მომავალი სეზონიდან მთავარ გუნდს 46 წლის ნიკო კოვაჩი გაწვრთნის. ყმაწვილთა მწვრთნელის თანამდებობას 39 წლის მიროსლავ კლოზეს ჩააბარებენ და აი, ახალი ამბავიც: „შპორტ ბილდის” ცნობით, ბავარიელებს 47 წლის მეჰმეთ შოლიც უბრუნდება.

კლუბის პრეზიდენტი ული ჰიონესი ფიქრობს, რომ შოლი „ბაიერნის” მოყვარულებს გამოადგებათ. შოლს სამწვრთნელო გამოცდილება აქვს. ის „რეკორდმაისტერის” მეორე გუნდს 2009-2010 და 2012-2013 წლებში ხელმძღვანელობდა. 2008-2017 წლებში წარმოშობით თურქი გერმანელი ტელეკომპანია ARD-ში მუშაობდა ექსპერტად.

როგორც ჩანს, „ბაიერნში” ახალი ტენდენციაა: ორიათასიანელების თაობა იყრის თავს. 1970-იანელებიდან კი მოწინავე პოზიციებზე არიან პრეზიდენტი ჰიონესი, აღმასრულებელი დირექტორი კარლ-ჰაინ რუმენიგე და აწ უკვე საპატიო პრეზიდენტი ფრანც ბეკენბაუერი.