ნებით იყო თუ უნებლიედ, ამ პატარა წერილის წერისას ის ქართველი ბიჭები გამახსენდნენ, დროის და ვითარების, უხიაგი ხასიათის თუ ცუდი მრჩევლების გამო ვეებერთელა ტალანტი წლებს რომ გაატანეს. ყველას ჩვენი ვერშემდგარი გენიოსი გვტკივა და თურმე, ფრანგებსაც ჰყოლიათ.
რაღა თურმე – 2004 წლის U17 ევროპის ჩემპიონატზე ხატემ ბენ არფამ მთელი მსოფლიოს გასაგონად დაიქუხა. ბენზემას, ნასრის და მენეზის თაობაში ბენ არფა ყველაზე ნიჭიერად ითვლებოდა. კარიერაც შესაფერისად დაიწყო, მაგრამ უხიაგი ხასიათის გამო ვერავის შეეწყო. არადა, იყო მის კარიერაში „ლიონიც“ და „მარსელიც“, გაცდენილი ვარჯიშებიც, კონფლიქტებიც, ტრანსფერის კატეგორიული მოთხოვნებიც…
2016 წელს ყველას ეგონა, რომ მისი ბედის ჩარხი წაღმა დატრიალდა: მთხოვნელთა შორის „მილანი“, „ლივერპული“ და „ბარსელონაც“ კი იყვნენ, მაგრამ პსჟ არჩია, რომელიც უნაი ემერიმ ჩაიბარა. ნეიმარი და მბაპე პარიზში ჯერ არ ჩანდნენ, მაგრამ გვარიანი ვარსკვლავთცვენა უკვე დაწყებული იყო და ბენ არფა სათადარიგოთა სკამს დაუმეგობრდა.
„შენ არ ხარ მესი! რომ იყო, ხმასაც არ გაგცემდი, მაგრამ შენ მარტო თამაშის მომგები არ ხარ!“ – ხშირად ისმოდა ვარჯიშებზე ემერის ღრიალი. ახლა ეგეც აღარ ისმის…
ბენ არფა მოედანზე ბოლოს შარშან 5 აპრილს გავიდა მესამელიგოსნებთან სათასო მატჩში.
წინა უქმეებზე პსჟ-მ 7:1 მოუგო „მონაკოს“ და ხუთი ტურით ადრე გახდა ჩემპიონი. ბენ არფა ოქროს მედალს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ თუნდაც 1 წუთით გავა მოედანზე.
ყველაფრის მიუხედავად, ბენ არფა ფრანგული პუბლიკის ჯილაა და ლამის მთელი საფრანგეთი სთხოვს ემერის, ის ერთი წუთი აჩუქეო. აჩუქებს თავადაც ჯიბრის გუდა ემერი?
რა სჭირდა სამათხოვრო, თორემ კი… არადა, 30-ს გადააბიჯა…

წილი
წინა სტატიაქართული ფეხბურთის პამპერსი
შემდეგი სტატიაბულგარეთიც გავყვანჯეთ!
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".