მასზე ამბობდნენ, არ გაუმართლა საქართველოში რომ დაიბადა, თორემ მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდებოდაო. გია რაფავას არ გაუმართლა, როდესაც კლოდ სორელმა აითვალწუნა და ორმეტრიანი გოლიათი ნაკრებს ჩამოაშორა. სორელამდე გია რაფავამ 13-ჯერ ითამაშა ნაკრებში და გულშემატკივართა ჯილა იყო. არაადამიანური ჯანის პატრონი, მეტოქეს მეტოქეზე ანგრევდა და ბორჯღალოსანთა კაპიტნობაც მოასწრო.

„რაფო“, როგორც მას შინაურულად ეძახიან, თავისიანთა თამაშს და ორ მსოფლიო თასს მხოლოდ ტელევიზორით უყურებდა. ბოლოს გია ინგლისში დაფუძნდა, სადაც დღემდე ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ამ დღეებში კი „ლოკომოტივის“ სათადარიგო მოედანზე გამოჩნდა – საქართველოს ჩემპიონატის ტურს დაესწრო.

აქ პირადი საქმეებისთვის ჩამოვედი. ერთი კვირა დავრჩები, მერე კი ლონდონში უნდა დავბრუნდე – გვითხრა გია რაფავამ, საინტერვიუოდ რომ ვესტუმრეთ,

ვიცით, რომ ბოლოს ინგლისში თამაშობდით. სარაგბო კარიერა დაასრულეთ?

ინგლისში სამი წელი ვითამაშე. ჯერ უმაღლესი ლიგის „ბედფორდში“ ვიყავი, მერე მეორელიგელ „ლონდონ-უელსში“, ბოლოს კი მესამედივიზიონელ „ბლექისში“ ვთამაშობდი. ერთ-ერთი მატჩისას მხრის მძიმე ტრავმა მივიღე და 33 წლისამ რაგბის თამაშს თავი დავანებე.

 

მწვრთნელობა არ გიცდიათ?

„ბლექისში“ 12-13 წლის ბავშვებს ვავარჯიშებდი, მაგრამ მწვრთნელობა დიდხანს არ დამცალდა. ამ საქმეს მენტალურად ვერ შევეწყვე. მკაცრი ვიყავი, დიცსიპლინას ვითხოვდი, ინგლისელებს კი ეს არ მოსწონთ. იქ ბავშვებს სრულ თავისუფლებას აძლევენ და ჩემი მეთოდები მათთვის მიუღებელი იყო. ამიტომ შევეშვი ამ საქმეს.

ინგლისში რას საქმიანობთ? როგორც ვიცი, ლონდონში ქართული რესტორანი გაქვთ…

ჩემი მეუღლის ძმას აქვს რესტორანი „თბილისი“. ეს უფრო ოჯახური ბიზნესია. ახლა უძრავ-მოძრავი ქონების სააგენტო გვაქვს. ცოლის სანათესაოსთან ერთად გავაკეთეთ. პირადად ჩემი არაფერია, ერთგვარი ოჯახური ბიზნესია.

ლონდონში ქართველები ხშირად გსტუმრობენ?

რესტორანში მოდიან ხოლმე ქართველები. საქართველოს ნაკრებში ჩემი გუნდელები დავით ვართანიანი და ცხონებული აჩიკო კობახიძე გვესტუმრნენ, ნაკრების ბიჭებს კი ხშირად ლონდონის შვიდკაცაზე ვნახულობდი. ადრე ეტაპს არ ტოვებდნენ, ბოლოსკენ კი ხშირად აღარ ჩამოდიან. ისე, შვიდკაცა რაგბიზე მე მაგრად ვერთობი, კარგი საყურებელია, თან ტურისტებზეა გათვლილი. სახალისო რაგბია.

არ გიცდიათ შვიდკაცა რაგბიც გეთამაშათ?

ერთი-ორჯერ ვცადე, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშისას მოვხვდი შვიდკაცა ნაკრებში, მაგრამ საჩემო საქმე არაა. ჩემი სხეული ასეთ სისწრაფეს და დატვირთვას ვერ უძლებს. აქ უფრო ფეხმარდი მორაგბეები არიან საჭირო.

როგორც ვიცით, შემოთავაზება გქონდათ, რომ ბოლო მსოფლიო თასზე ნაკრებში დაბრუნებულიყავით…

დიახ, საქართველოს რაგბის კავშირის უფროსობამ დამირეკა და შემომთავაზა, ნაკრებში დავბრუნებულიყავი. ეს ბიჭებისთვის სტიმული იქნება, მათ გვერდით რომ იქნებიო. ძალიან გამიხარდა და იმწუთსვე დავთანხმდი. არ მინდოდა სარაგბო კარიერა ისე დამესრულებინა, მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებთან ერთად არ ვყოფილიყავი. ბოლოს და ბოლოს, მსოფლიო თასზე თამაში ჩემი და ჩემი თაობის ოცნება იყო.

რა მოხდა? რატომ არ წახვედით საფრანგეთში?

როგორც მერე აღმოჩნდა, ეს ამბავი ნაკრების მწვრთნელებთან ბოლომდე შეთანხმებული არ ყოფილა. მწვრთნელებმა გადაწყვიტეს მსოფლიო თასზე ის მოთამაშეები წაეყვანათ, ვის თავზეც გადაიარა შესარჩევების სიმძიმემ. მწვრთნელების კარგად მესმის. ბოლო პერიოდში ნაკრებში ბევრმა მორაგბემ ითამაშა და ყველა იმსახურებდა მსოფლიო თასზე წასვლას. ადგილების სიმცირის გამო ისედაც ბევრი ღირსეული კანდიდატი დარჩა ნაკრებს მიღმა და ჩემი წაყვანაც მთლად გამართლებული არ იქნებოდა. არავისზე ნაწყენი არ ვარ. უბრალოდ, ძალიან დამწყდა გული, რომ საფრანგეთში ვერ წავედი. თანაც, ლონდონში ჩემს მეგობრებს ვუთხარი, ნაკრებში მაბრუნებენ-მეთქი. მერე კი ჩემი წაუსვლელობის მიზეზს ვერ ვეუბნებოდი. რაც არის, არის. სამწუხაროდ, კლოდ სორელის დროს მსოფლიო თასზე თამაში კი არა, ნაკრებში მოხვედრაც სანატრელი მქონდა, ახლა კი…

მარცხნიდან მარჯვნივ: კახა კობახიძე, სოსო პარწიკანაშვილი, გია რაფავა, ვანო ნადირაძე, გია ლაბაძე

ძველი ამბავია, მაგრამ როცა სორელთან ურთიერთობა ვერ ააწყვეთ, სწორედ მაშინ დასრულდა თქვენთვის სანაკრებო კარიერა. რატომ არ გწყალობდა სორელი?

თავიდანვე ამითვალწუნა. ირლანდიაში, 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი რომ გაიმართა, მაშინ ბიჭებს უთხრა, რაფავას გარეშე თამაში ისწავლეთო. ეს ყველასთვის შეურაცხყოფა იყო. რა გამოდიოდა, რომ მე ვათამაშებდი გუნდს, დანარჩენები კი არაფერს აკეთებდნენ. მაშინვე მივხვდი, სორელის ხელში ნაკრებს ვერ ვეღირსებოდი. ასეც მოხდა. თანაც, საკლუბო კარიერაც ვერ ამეწყო მაინცდამაინც კარგად.

ერთ-ერთი პირველი წახვედით საფრანგეთში სათამაშოდ. თითქმის ყველა კლუბში იოლად მოეწყვეთ, მაგრამ დიდხანს ვერ ჩერდებოდით. საფრანგეთს მენტალურად ვერ შეეწყვეთ?

ეგეც იყო. იმ პერიოდში დაძაბული ვიყავი, ნაკრებში აღარ მიწვევდნენ, ოჯახს მოვწყდი და… საფრანგეთის ჩემპიონატი საკმაოდ უხეში ტურნირია. მოედანზე ხშირად ვჩხუბობდი. წითელი ბარათიც არ იყო უცხო ჩემთვის. ამიტომ, მწვრთნელები ვეღარ მენდობოდნენ. მიწევდა აქეთ-იქით სიარული. მერე კი ოჯახთან ერთად ინგლისში წავედი და ტელევიზიით ვუყურებდი ჩვენი ნაკრების თამაშებს.

ალბათ ძალიან განიცდიდით, რომ მათთან ერთად არ იყავით…

რა თქმა უნდა, ასეც იყო. როგორია, ზიხარ ტელევიზორთან და ამ დროს მთელი არსებით გინდა მოედანზე ბიჭებთან ერთად იყო. საფრანგეთში გამართულ მსოფლიო თასზე ჩვენი ნაკრების თითქმის ყველა მატჩი ვნახე და მაინცდამაინც ირლანდიასთან თამაში გამოვტოვე. რაღაც სასწრაფო საქმე გამომიჩნდა და… არადა, იმ მატჩზე მთელი სარაგბო მსოფლიო დღემდე ლაპარაკობს.

როგორ ფიქრობთ, საქართველოს ნაკრები უახლოვდება ირლანდიის ან, ვთქვათ, შოტლანდიის დონეს?

იტალიას შეიძლება ახლაც მოუგონ ჩვენებმა. ჩვენების სწრაფი პროგრესის ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი ეროვნული ჩემპიონატია. თუ აქ ვერ გაიზარდე, კარგ უცხოურ კლუბში ვერ მოეწყობი. ლეგიონერებიც ნელ-ნელა წავლენ ნაკრებიდან და საკადრო პრობლემაც გაჩნდება. გადმოცემით ვიცი, რომ კლოდ სორელს რუსებმა მოსთხოვეს, ნაკრები ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეებით დააკომპლექტოს. იქ საკლუბო რაგბიში დიდი ფული ტრიალებს. ჩვენს ჩემპიონატშიც უნდა ჩაიდოს ფული, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გია ნიჟარაძეს ვესაუბრე, მითხრა, რომ ამ მხრივ უკვე დაწყებულია მუშაობა და მალე ვითარება გამოსწორდება.

რაგბის კავშირმა რამე დონეზე თანამშრომლობა ხომ არ შემოგთავაზათ?

იყო ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ოფიციალურ დონეზე თანამშრომლობა ჯერჯერობით არ გამოდის. ინგლისში უამრავი საქმე მაქვს და არც შესაბამისი გამოცდილება დამიგროვდა. ისე, თუ რამეში დავჭირდები, ყველანაირად დავეხმარები.

რომელიმე მორაგბემ რომ გთხოვოს ინგლისურ კლუბში მოწყობა, რეკომენდაციას გაუწევთ?

მე კი გავუწევ, მაგრამ ნორმალურ კლუბში მოწყობა, პრაქტიკულად გამორციხულია. ბრიტანული ქვეყნები, ამას დაუმატეთ ინგლისურენოვანი კოლონიები – ფიჯი, სამოა, ტონგა, ავსტრალია, ახალი ზელანდია – ყველა პრემიერლიგის კლუბებზე მუშაობს. ყოველ წელს ინგლისში ამ ქვეყნებიდან მოთამაშეების დიდი ნაკადი მოდის. ძალიან მაგარი უნდა იყო, მათ კონკურენცია გაუწიო. დაბალი ლიგის კლუბებში კი ისევ საფრანგეთის მეორეხარისხოვან ან იტალიის რომელიმე მოწინავე კლუბში თამაში სჯობს. ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტი ისევ და ისევ საფრანგეთის ჩემპიონატია. ეს ბაზარი უკვე ათვისებული გვაქვს და ქართველ მორაგბეებს დამატებითი რეკომენდაცია აღარ სჭირდებათ.

როგორ ვიცი, უფროსი შვილი ვატო რაგბის თამაშობს. შესაბამისი ასაკობრივი ნაკრებისთვის მზად არის?

ვატო 15 წლისაა და „ბლექსის“ ჭაბუკთა გუნდში თამაშობდა. ახლა რაგბისთვის დროებით თავი დავანებებინე. ინგლისელმა მწვრთნელებმა მირჩიეს, ამ ასაკში ხშირად გული უცრუვდებათ რაგბიზე და დროებით დაასვენეო. ვატო მორკინალია. მესამე ხაზში თამაშობდა, ახლა მინდა ერთი წელი ჭიდაობის რომელიმე სახეობაზე შევიყვანო, რომ კუნთი აისხას, მერე კი თვითონ გადაწყვეტს, დაუბრუნდეს რაგბის, თუ არა… უკვე სკოლას ამთავრებს და ლონდონის რომელიმე კოლეჯში გააგრძელებს სწავლას. შესაძლოა, რაგბისთვის დრო აღარც დარჩეს. უმცროსი ბიჭი გიორგი კი 7 წლისაა. გიორგი თბილისში ცხოვრობს, ძვლები უკვე გაუმაგრდა და ფიზიკურად რომ მოღონიერდეს, მასაც ჭიდაობაზე შევიყვან. მე ჭიდაობაში კარგად ვერ ვერკვევი და ჩემს ოდინდელ მწვრთნელს გურამ მოდებაძეს ვთხოვე, გიორგის მიხედოს. გურამი მირჩევს, რომელ სახეობაზე შევიყვანო. როდესაც გიორგი მოღონიერდება, შეიძლება, ისიც რაგბიზე შევიყვანო.

14.05. 2008

წილი
წინა სტატია„ბაიერნი” მწვრთნელს დაასახელებს
შემდეგი სტატიასამირ ნასრი იდიოტია
ჟურნალისტობა ჟურნალისტობად და ბაჩო სვანიძე უბრალო, ალალი, კეთილი, ურთიერთობისთვის გახსნილი, ხალისიანი და ხალასი ადამიანი იყო. ალბათ ბევრისგან გაიგებთ, რომ ბაჩო მისი მეგობარი იყო და ეს ტყუილი არ იქნება. ბაჩოს მართლა შეეძლო ერთბაშად ბევრთან ემეგობრა და, რაც მთავარია, ეს მეგობრობა მხოლოდ ღიმილითა და ჭიქის აწევით კი არა, საქმით, გვერდში დგომით დაემტკიცებინა.