ალექსის სანჩესი „მანჩესტერ იუნაიტედის” ბაზაზე, სასადილოში, თანაგუნდელებთან ერთად არ ჭამს, მარტო ყოფნა ურჩევნიაო, ატყდა მითქმა-მოთქმა. „დეილი სტარმა” ჩილელი ვარსკვლავის გამართლება სცადა. გაზეთმა დაწერა, სანჩესი სასადილოში მარტო იმიტომ შედის, რომ მოედანზე სხვებზე დიდხანს რჩება და დამატებით ვარჯიშობსო.

„დეილი სტარის” ინფორმაციით ეს ამბავი კლუბის მავანმა თანამშრომელმა გამოიტანა, რითაც „არსენალიდან” ახალი გადასული ფორვარდის ამბავს ნათელი მოჰფინა. არადა ამბობდნენ, რომ სანჩესი მანჩესტერში თავს გარიყულად გრძნობს და საერთო ენა ვერავისთან გამოუნახია.

გამოდის, რომ, როდესაც გახანგრძლივებული ვარჯიშის შემდეგ ჩილელი სასადილოში შედის, დანარჩენ მანჩესტერელებს იქაურობა უკვე დატოვებული აქვთ.

„დეილი სტარს” „იუნაიტედის” თანამშრომლის სიტყვები მოჰყავს: „რატომ შედის სანჩესი ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე სასადილოში მარტო, ადვილი ასახსნელია. ყოველთვის, როდესაც გუნდი ვარჯიშს ამთავრებს, ის მოედანზე რჩება და ნახევარ საათს საჯარიმო დარტყმებში ვარჯიშობს. შემდეგ შხაპს იღებს, ტანსაცმელს იცვლის, ამასობაში კი მისი თანაგუნდელები სადილს ამთავრებენ და მიდიან.

მეორე მხრივ, სანჩესი არ უარყოფს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის შემდეგ (ის „არსენალს” ჰენრიკ მხითარიანში გაუცვალეს) კარგად ვერ თამაშობს, რასაც სტატისტიკაც ადასტურებს: 10 შეხვედრაში მხოლოს ერთი გოლი გაიტანა.

„საკუთარი თავისგან ყოველთვის ბევრს ვითხოვ და ამიტომ მანჩესტერში გაცილებით უკეთეს შედეგს ველოდი. ახალი გუნდისთვის ფეხის სწრაფად აწყობა ვერ შევძელი. შვედეთში სანაკრებო თამაშზე (ჩილემ მოიგო 2:1) ჩასვლაც კი არ მინდოდა. თავიდან ნაკრების ხელმძღვანელობას ინგლისში დარჩენის ნებართვა ვთხოვე, მაგრამ მერე დავფიქრდი, კლაუდიო ბრავოსაც ველაპარაკე და მივხვდი, რომ გაცილებით აჯობებდა ნაკრების ბიჭები კვლავ ერთად თუ შევიკრიბებოდით”.