რაკი თანამედროვე ფეხბურთი დიდწილად ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს გარშემო ტრიალებს, ამ ორი დიდი ვარსკვლავის ნაკრები გუნდების ამხანაგური შეხვედრები ცალკე გამოვყოთ. საინტერესოა, რომ როგორც არგენტინამ, ასევე ევროპის ჩემპიონმა პორტუგალიამ ნეიტრალურ მოედანზე ითამაშა.
არგენტინელებმა მანჩესტერში, „ეტიჰედ სთედუმზე” მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩენილ იტალიას 2:0 მოუგეს. გოლები შეხვედრის ბოლო 11 წუთში გაიტანეს ევერ ბანეგამ და მანუელ ბანსინიმ. ლეო მესი მართალია სტადიონზე იყო, მაგრამ არ უთამაშია. მიზეზი: „ბარსელონას” ლიდერს კუნთის მცირე პრობლემა გამოაჩნდა და „ალბისელესტეს” ხელმძღვანელობამ სიფრთხილე გამოიჩინა, არ ათამაშა, რითაც მის სანახავად მისულ მანჩესტერელ გულშემატკივარს გული დაწყვიტა. არგენტინის ნაკრებს „სკუადრა აძურასთან” 1987 წლის შემდეგ არ წაუგია — 4 მოგება და 1 ფრე.
ამ შეხვედრაში იტალიელთა ლეგენდარულმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა ნაკრებში 176-ე შეხვედრა ჩაატარა. იტალიელებს მაისურზე ოქროსფერი ასოებით ამოქარგული ჰქონდათ სიტყვები Davide semper con noi (დავიდე მუდამ ჩვენთან არის). ცხადია, ეს სიტყვები „ფიორენტინას” კაპიტანს, 4 მარტს მოულოდნელად გარდაცვლილ დავიდე ასტორის ეძღვნებოდა.
რაც შეეხება პორტუგალიის ნაკრებს, მან ციურიხში ეგვიპტეს აჯობა 2:1. შეხვედრა დრამატულად წარიმართა. ანგარიში „ლივერპულის” ვარსკვლავმა მოჰამედ სალაჰმა 56-ე წუთზე გახსნა, მაგრამ კრიშტიანუ რონალდუ მარცხს არ შეეგუა და მაინც თავისი გაიტანა, თან ორჯერ — 90+3 და 90+6 წუთებზე.
იმ დღის სხვა საინტერესო შეხვედრები ასე დასრულდა:
თურქეთი – ირლანდია 1:0, ფინეთი – მაკედონია 0:0, კვიპროსი – მონტენეგრო 0:0, აზერბაიჯანი – ბელარუსი 0:1, სენეგალი – უზბეკეთი 1:1, ნორვეგია – ავსტრალია 4:1. ბულგარეთი – ბოსნია 0:1, სერბეთი – მაროკო 1:2, უნგრეთი – ყაზახეთი 2:3, საბერძნეთი – შვეიცარია 0:1, უკრაინა – საუდის არაბეთი 1:1, შოტლანდია – კოსტა რიკა 0:1, პოლონეთი – ნიგერია 0:1, გერმანია – ესპანეთი 1:1, ავსტრია – სლოვენია 3:0, საფრანგეთი – კოლუმბია 2:3, პერუ – ხორვატია 2:0, მექსიკა – ისლანდია 3:0