მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ოთხმოცდაცხრა დღე დარჩა, რაში უნდა გამოიყენოს გულშემატკივარმა ეს დრო?
მსოფლიოს ჩემპიონატი რომ ფეხბურთის მთავარი ზეიმია, ყველამ იცის. მერე რა, რომ ვერ გაგვიმართლებს ხოლმე და ბოლო დროა, ფინალისთვის გოლები ენანება? ზეიმი მაინც ზეიმია ხოლმე.
წინა მსოფლიოს ჩემპმიონატი ყველას გვახსოვს და იქედან ერთი ფიქრი გამომყვა: ძველ დროში, მსოფლიოს პირველობა საფეხბურთო მოდების, სტილების, ოსტატობის უპირველეს გამოფენას წარმოადგენდა. ამერიკული ჭიდილის გასრულების შემდეგ ვიფიქრე, არავითარი მოდები და სტილები, მსოფლიოს ჩემპიონატი ტურნირია-მეთქი. უმაღლესი დონის, დაძაბული, რთული, მაგრამ მხოლოდ ტურნირი და არა გამოფენა.
ეს დასანანი იყო, ფეხბურთი ძალიან დაემსგავსა ჭიდაობას. მაგრამ იმის შემდეგ ხომ ოთხი წელიწადი გავიდა. გავიდა და გავიდა, ვითომ ბევრი რამ შეიცვალა?
შეიცვალა საფრანგეთის ნაკრები, რომელიც საერთოდ არ იყო ამერიკაში. ასევე შეიცვალა ინგლისის ნაკრები, რომელმაც ასევე ვერ გადაცურა ატლანტიკა. შეიცვალა ბრაზილიის ნაკრებიც, ჩემპიონთა თამაში ახლა სხვაა, მაშინ სხვა იყო, შეიცვალა არგენტინის ნაკრები, რომელიც, რატომღაც, ყველას მიავიწყდა.
ოთხმოცდაცხრა დღით ადრე, ასე ჩანს, რომ ჩემპიონატს უნდა დაუბრუნდეს „გამოფენის“ სტატუსიც. ტურნირი, რა თქმა უნდა, მთავარია, მაგრამ თუ მოდების ჩვენებაც არ იქნა, ჩემპიონატი ბევრს დაკარგავს.
გულშემატკივრის საქმე კი ისეა, რომ იმ ერთს თვეს ტელევიზორის წინ მცხოვრები, ფიქრებს შეუპყრია. ვინ გახდება ჩემპიონი? თბილისი მარჩიელობის კლასიკური ადგილია. მთელი შემოდგომა გაისმოდა, ჩემპიონი ინგლისი გახდებაო. ახლა, როცა ინგლისმა ჩილისთან წააგო, ეს ხმა, როგორღაც დაიკარგა. იანვრიდან მოკიდებული, სულ “ბრაზილიას” ძახილი იყო – კონფედერაციის თამაშის მაყურებელი კაცი სხვა რას იფიქრებდა? მერე ბრაზილია ამერიკამ შეარცხვინა. ახლა ხალხმა საფრანგეთ-ნორვეგიის თამაშს უყურა, შარშანდელი ოთხთა ტურნირი გაიხსენა და აზრიც გამოთქვა: ფრანგებს რომ ერთი მეგოლე ჰყავდეთ, უეჭველად ჩემპიონები არიანო, მთელს ამ ხმათა პარალელურად კი გაისმის, ფორცა იტალია! იტალია არ დაგავიწყდეთ, ეგ სატურნირო თამაშის კარუზოა – თუ გაუვარდა, იტალია ჩემპიონია. გერმანიის სპეციალობა ხომ სწორედაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გასვლაა, იორდანას მოტვლეპილი თავი ოდენ გამონაკლისი იყოო.
მოკლედ, ჩვენ ჯერ არ ვიცით მსოფლიოს ჩემპიონის ვინაობა და ამდენი ხმების მომსმენმა, როგორ იქნება, ერთი არ ჩავახველო? არგენტინა დაგვავიწყდა. არ ვიცი იმიტომ, რომ შორსაა და კარგახანია ევროპა-აზიისკენ არ გამოფრენილა, არ ვიცი იმიტომ, რომ პასარელა გვაჯავრებდა. არადა, არგენტინა თამაშობს და ასე ჩანს, რომ პიკიც ზაფხულისთვის იქნება.
და ერთი უნდა ჩავახველო, ოთხეულში ერთი ოხერი, ან მოულოდნელი მაინც გამოერევა. ყოფილა და ასე იქნება.
თუმცა, იქამდე ჯერ შორია.
მაგრამ რად გინდა? ქალაქში ისეთი ხალხიც დაიარება, რომელთაც მიაჩნიათ, რომ… მოკლედ, ერთი ძმაბიჭი შემხვდა და მითხრა, ეგ სამი თვე, სამ კვირაზე მეტი არაფრით გამოდისო. ეგ როგორ-მეთქი და აი ასეო: მარტი ხომ ფაქტიურად, დამთავრებულია. კი-მეთქი, მაისში ხომ კარგი ამინდი იქნება და 10 ივნისამდე თვე ისე გაირბენს, ვერ გაიგებ. ამიტომ მაისი ჩასათვლელიც არ არის, იმგვარად აენთები ჩემპიონატის მოახლოებითო, კი-მეთქი. ჰოდა, აპრილი დარჩა, ერთი თვე, ანუ ოთხი კვირაო, კი-მეთქი. ჰოდა, სადაც ოთხი კვირა, იქაც სამი. ჩემპიონატი ძალიან მალე იწყებაო, კი-მეთქი, დავეთანხმე.
სწორია, ჩემმა მზემ.
მალე იწყება.
14.03.1998