„ბარსელონა” და ბრაზილიური „გრემიო” შეთანხმდნენ — არტურის ტრანსფერი ლა ლიგის ლიდერს შეიძლება 39 მილიონი ევრო დაუჯდეს. კატალონიელებს გამთამაშებლის წაყვანა 2018 წლის ივნისში შეუძლიათ. მათმა პრეს-სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერია:
„თუ ტრანსფერი შედგება, ჩვენ „გრემიოს” გადავუხდით 30 მილიონ ევროს, პლუს 9 მილიონი ნაწილ-ნაწილ, პროგრესის მიხედვით”.
არტური ნახევარმცველია. ის პასებით გამოირჩევა. ბრაზილიელის კიდევ ერთი ძლიერი თვისება მეურვისგან დასხლტომაა, რაც მას მოედნის ბოლო მესამედში გამორჩევით სახიფათოს ხდის. არტურს ბურთის შენარჩუნება და საგოლე პასის გადაწოდება ეხერხება.
მომავალი ბარსელონელი 21 წლისაა. ბურთაობა 2008 წელს „გოიაშის” ბავშვთა გუნდში დაიწყო, საიდანაც 2010 წელს „გრემიოში” გადავიდა და იქ, ლუიშ ფელიპე სკოლარის ხელმძღვანელობით პირველად ითამაშა ძირითად შემადგენლობაში. თანდათანობით ის გუნდის მნიშვნელოვანი წევრი გახდა და 2017 წელს ლიბერტადორესის თასიც მოიგო. არტური ფინალში, არგენტინულ „ლანუსთან” საპასუხო შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.