სიგიჟე და კამავინგა

Home სიახლეები სიგიჟე და კამავინგა
სიგიჟე და კამავინგა

პოპულარულმა ესპანურმა გაზეთმა AS „ბაიერნისა’’ და „რეალის’’ საოცარ – ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ – შეხვედრაზე დაწერა: „შეიძლება ბოლო თვეების ან სულაც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ასე აღარ ჩანდა, მაგრამ დიახ, ესეც „რეალი’’ იყო, გუნდი, რომელიც გადარჩენის აუხსნელი ინსტინქტით სამოცდაათი წლის განმავლობაში ევროპას შიშის ზარს სცემდა. ასე დამაჯერებლად თავს არავინ იმკვდარუნებს. მის მიერ დაგებულ ხაფანგში ყველაზე გამჭრიახებიც კი ხვდებიან ხოლმე, „ბაიერნის’’ ჩათვლით. „ალიანც არენაზე’’ მან გმირული შეხვედრა გამართა, რომელშიც თავგანწირვის აქამდე არნახული დონე წარმოაჩინა და გერმანელები უკიდურესობამდე მიიყვანა. და ამ თავგანწირულმა გუნდმა მხოლოდ კამავინგას გაძევების შემდეგ ჩამოუშვა ხელები – მას მერე, რაც მსაჯმა საჩივრების წიგნში შესატანი გადაწყვეტილება მიიღო. ეს იყო ჩეფერინის თანამემამულე მსაჯის სლავკო ვინმჩიჩის გადაწყვეტილება, რომელიც მან სავარაუდოდ იმიტომ მიიღო, რომ „რეალმა’’ დიდი წინააღმდეგობა გასწია და შეხვედრის მსვლელობისას სამჯერ იყო წინ.

„ლოს ბლანკოსს ალბათ გულში დარდად ჩარჩება, რომ მთელი სეზონის განმავლობაში ისე არ თამაშობდა, როგორც მიუნხენში ითამაშა და ახლა ბრალის აღიარებისა და დამნაშავეთა ძებნის პერიოდი უნდა დაეწყოს’’.

შემდეგ AS წერს, რომ „რეალი’’ მიუნხენში საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველის ჩუამენის გარეშე ჩავიდა, რაც იმიტომ მოხდა, რომ ჩუამენი პირველ შეხვედრაში უსამართლოდ გააფრთხილეს. მისი შემცვლელი კამავინგა კი არ არის ის ფეხბურთელი, რომელმაც არ იცის როდის უნდა შეუტიოს და როდის დარჩეს უკან მეხუთე მცველის პოზიციაზე. სხვა სიტყვებით, კამავინგა ის ფეხბურთელი არ არის, რომელსაც შეიძლება ანდო ამპლუა, სადაც თითოეული შეცდომა შეიძლება ძვირად დაჯდეს და ამის გამო მწვრთნელმა ალვარო არბელოამ საყრდენი ნახევარმცველის როლი ფედე ვალვერდეს ანდო, რომელიც ჩვეული ფრთიდან შუაში შეიყვანა.

შემდეგ გაზეთი აღწერა გიჟურ მატჩს, რომელიც მასპინძლების გამარჯვებით 4:# დამთავრდა. „რეალი’’ სამჯერ იგებდა (ორჯერი არდა გიულერის და ერთხელ კილიან მბაპეს გოლებით), მაგრამ ალექსანდარ პავლოვიჩმა, ჰარი კეინმა ლუის დიასმა სამივეჯერ გაათანაბრეს, ხოლო 90+4 წუთზე მაიკლ ოლისემ „ბაიერნის’’ გამარჯვების გოლი შეაგდო.

მეორე წერილში AS შეხვედრის გარდამტეხ მომენტად 86-ე წუთზე კამავინგას ზემოთ ნახსენებ გაძევებას მიიჩნევს და ეს ალბათ არა მარტო ამ გაზეთის არამედ საყოველთაო აზრიც არის, რადგან რეალი სწორედ ამის შემდეგ გატყდა.

„ამ ეპიზოდში არც კამავინგა მოიქცა პროფესიულად და არც მსაჯი. ეს იყო მომენტი, რომელმაც საბოლოოდ შეხვედრის ბედი გადაწყვიტა, ყოველ შემთხვევაში ამას ძალიან შეუწყო ხელი – ასეთ საქციელს კი, მითუფრო მნიშვნელოვან შეხვედრებში უეფა ძალიან არ უჭერს მხარს. ამ ორგანიზაციაში მსგავსი ტიპის გაძევებები არ მოსწონთ, მაგრამ მეორე მხრივ ეს არ ამართლებს ფეხბურთელს, რომელიც ბოლო პერიოდში დაბნეული ჩანს.

კიდევ ერთი ესპანური გაზეთი Marca წერს, რომ შესანიშნავი შეხვედრა კამავინგას შტერულმა შეცდომამ და მსაჯის აღმაშფოთებელმა და უსამართლო გადაწყვეტილებამ გააფუჭა.

მაინც რა ჩაიდინა მადრიდელთა ფრანგმა ნახევარმცველმა? ის ჰარი კეინის წინააღმდეგ დაჯარიმდა, შემდეგ კი ბურთი მიუნხენელებს მყისიერად არ დაუბრუნა, ხელში აიღო და წინ დაიგდო. (ვიდეოზე 4:28)  ყოველ შემთხვევაში ოქმში მეორე ყვითელი ბარათის მიზეზად წერია არა ჯარიმა, არამედ არასპორტული საქციელი.