როხოს დაშოშმინება არ იქნება!

Home აქეთურ-იქითური როხოს დაშოშმინება არ იქნება!
როხოს დაშოშმინება არ იქნება!

არგენტინელი მარკოს როხო, რომელიც სხვადასხვა დროს თამაშობდა „ესტუდიანტესში”, მოსკოვის „სპარტაკში”, ლისაბონის „სპორტინგში”, „ბოკა ხუნიორსში”, ახლა „რასინგშია”, ყველაზე მეტხანს კი (2014-21) „მანჩესტერ იუნაიტედის” წევრი იყო და მსოფლიო გულშემატკივრისთვის ალბათ პრემიერლიგის რეპორტაჟებიდან გახდა ცნობილი, არგენტინის ჩემპიონატში შარში გაეხვა: „რივერ პლეიტთან” თამაშის დროს მოწინააღმდეგე გუნდის ცენტრალურ მცველს ლუკას მარტინეს კუარტას საჯარიმოში ძიძგილაობისას თავში აგრესიულად ჩაარტყა; მსაჯმა სებასტიან სუნინომ ეპიზოდი VAR-ზე შეამოწმა და გადაწყვიტა როხო მოედნიდან გაეძევებინა. მან თავისი გადაწყვეტილება სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივარს ჩართულ მიკროფონებში განუმარტა. ხსენებული მიკროფონები ჯერ კიდევ ჩართული იყო, როდესაც დინამიკებში გაისმა, თუ როგორ უწოდა როხომ მას „ბოზის შვილი’’.

ახლა ფეხბურთელს არა მხოლოდ მოწინააღმდეგისთვის ჩარტყმის, არამედ მსაჯის შეურაცხყოფის გამოც დასჯიან. სავარაუდოდ მას ფლეი-ოფამდე აპერტურას სამი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.

ეს „რასინგში’’ გადასვლის შემდეგ როხოს მეორე გაძევებაა. პირველად ის ლიბერტადორესის თასზე „პენიაროლთან’’ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან გინების გამო გააგდეს.

„ბოკა ხუნიორსში’’ თამაშის დროს ის 118 მატჩში ოთხჯერ გააძევეს მოედნიდან. საინტერესოა, რომ 2023 წელს მან ლიბერტადორესის თასზე ფინალში(!) იმიტომ ვერ ითამაშა, რომ ნახევარფინალში წითელი ბარათი მიიღო.