კვაჭთა უქმეები

Home დავთარი კვაჭთა უქმეები
კვაჭთა უქმეები

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ტოპ 14-ის მე-4 ტურში ქართველთა სოლიდური წარმომადგენლობა იყო – 7 მატჩში 17-მა ჩვენებურმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო პრო დ2-ში ქართველთა რიცხვი თითქმის რეკორდული იყო – 25! გარდა ამისა, ინგლისში სტარტი პრემიერშიპმა აიღო და ბაჩუკი ჭუმბაძის ინგლისური დებიუტიც შედგა.

ტოპ 14

ქართველთაგან ამ ტურში ქულების დაგროვება მხოლოდ გელა აფრასიძემ მოახერხა: „პერპინიანის“ ბორჯღალოსანმა 9 ნომერმა მე-14 წუთზე „ლა როშელის“ კარში კარგა შორიდან დარტყმული ჯარიმა გაიტანა და ტოპ 14-ში გამართულ 63-ე მატჩში პირადი ანგარიში 48 ქულამდე გაზარდა. მისმა „მასხარებმა“ კი დავით ნინიაშვილის, ნიკა სუთიძისა და სანდრო ქუნთელიას გუნდთან 8:31 დამარცხდნენ და 0 ქულით ცხრილის ფსკერზე დარჩნენ. რაც შეეხება „ლა როშელს“, მის აქტივში 10 ქულაა, რაც მეექვსე ადგილზე დაფუძნებისთვის საკმარისია, თან ოკეანისპირელებს ერთი თამაში („ტულონთან“ სტუმრად“) კიდევ აქვს სათამაშო.

პირველობას 14-14 ქულით ჩემპიონი „ტულუზი“ და „პო“ ინაწილებენ. ამ უკანასკნელის სასტარტოში „ლიონის“ წინააღმდეგ ლექსო ყაულაშვილიც იყო, გურამ პაპიძეც და ბექა გორგაძეც, რომელმაც გამორჩეულად კარგი მატჩი ჩაატარა. ბასკებმა 40:15 მოიგეს და ზედაც ბონუს-ქულა მიიღეს. ლიონელთა სასტარტოში კი ირაკლი აფრციაური და ბექა საღინაძე იყვნენ, რომელიც ბექა შვანგირაძემ შეცვალა. „ლიონი“ 13 ქულით მესამე საფეხურზე დაქვეითდა.

„ტულუზმა“, თავის მხრივ, ბონუსიანი გამარჯვება „კასტრთან“ საშინაო შეხვედრაში მოიპოვა – 59:13. კასტრელთა შორის სეზონში პირველად გამოჩნდა ვეტერანი ლევან ჩილაჩავა.

12 ქულით მე-4 ადგილზე დედაქალაქური „რასინგ-92“ ავიდა, რომელმაც გურამ გოგიჩაშვილისა და გია ხარაიშვილის მახევარსაათიანი დახმარებით „კლერმონს“ 43:31 აჯობა. „ვულკანები“ ამჯერად გიორგი ახალაძის გარეშე თამაშობდნენ, რომელმაც გასულ ტურში დუბლი მიითვალა და სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

„მონტობანმა“ სეზონური ქულების ანგარიში მონპელიეში მიღწეული ფრით გახსნა – 22:22. მასპინძელთა სასტარტოში ლუკა ჯაფარიძე იყო.

„სტად ფრანსემ“ ევროპის საკლუბო ჩემპიონ „ბორდოს“ 28:7 მოუგო, რაშიც გიორგი მელიქიძეც დაეხმარა. ბექა გიგაშვილი და მისი „ტულონი“ კი ბასკეთში „ბაიონთან“ დრამატულ ბრძოლაში 32:35 დამარცხდნენ. ეს იყო და ეს…

პრო დ2

დაჩი პაპუნაშვილმა ოდნავ დაამუხრუჭა – „ვანთან“ საშინაო ბონუსიანი მარცხი (17:22) ლელოს გარეშე დაასრულა, თუმცა ზუსტი დარტყმებით  – 2 გარდასახვითა და ერთი ჯარიმით 7 ქულას მოინც მოუყარა თავი და ლიგის ბომბარდირთა დავაში კვლავაცაა გარეული – 5 ყუტში 60 ქულა.

„ოიონაქსმა“ „ვალანს რომანი“ უბრალოდ გაანადგურა – 55:8. ბორჯღალოსანი კვაჭი ვანო კარკაძე სასტარტოში იყო და პრო დ2-ში თავისი პირველი ლელოც მიითვალა – რაქში, სტუმართა ჩეჩქვისას ჩვეულად იყოჩაღა. მეორე ტაიმში ოიონაქსელებს ქართული ღერძი გაუძღვა ვასილ ლობჟანიძისა და ლუკა მატკავას შემადგენლობით და ბორჯღალოსანმა მგეზავმა ორი ლელო გარდასახა კიდეც.

თავი ნევერელმა კვაჭმა ლუკა პეტრიაშვილმაც გამოიჩინა, რომელმაც „ბიარიცთან“ ბონუსით, 38:24 მოგებულ მატჩში თავისი მე-3 სეზონური ლელო გაიტანა..

ტურის სიმბოლურ გუნდში ერთბაშად სამი ქართველი მოხვდა – ხსენებული ვანო კარკაძე, ბურჯი ლაშა მაჭარაშვილი, ვისმა „აჟენმაც“ „ბეზიეს“ 21:10 სძლია და 18 ქულით „კოლომიესთან“ ლიდერობას ინაწილებს, და ბორჯღალოსანი მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია, რომელიც თავის „პროვანსს“ უქულო აუტსაიდერ „დაქსთან“ ბონუსიანი (42:15) გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

პრემიერშიპო

ინგლისში პრემიერშიპი დაიწყო და ბორჯღალოსან ბაჩუკი ჭუმბაძეს დებიუტის შანსიც მიეცა. მისმა „ექსეტერმა“ „ნორთჰემპტონთან“ სტუმრად ფრედ ითამაშა – 33:33, თანაც ორივე გუნდმა თითო ბონუს-ქულა მიითვალა 4 ლელოს გატანისთვის. შეხსენებისთვის, პრემიერშიპში ქულათა დარიცხვა „მსოფლიო რაგბის“ წესებით ხდება. ჭუმბაძე კი თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო და შერკინებაში მედგრადაც იდგა.