
ერთი თვის წინ ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, რომ ლიგა 1-ის ახალი ჩემპიონატში სამი ტურის შემდეგ ცხრილის სათავეში უდანაკარგო „პარი სენ ჟერმენთან’’ ერთად „ლიონიც’’ იქნებოდა. პაოლო ფონსეკას გუნდმა სეზონი ჩინებულად დაიწყო, სამივე ტურში გაიმარჯვა და ერთი გოლიც არ გაუშვია. ასეთი სტარტი ერთიორად დასაფასებელია, რადგან კლუბს ფინანსური პრობლემების გამო ბიუჯეტი უკიდურესად ჰქონდა შეზღუდული.
ლიონელებმა გაყიდეს წამყვანი ფეხბურთელები ალექსანდრ ლაკაზეტი, ნემანია მატიჩი, ლუკას პერი, რაიან შერკი და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძე. იყიდეს 8 ახალი, მცირე საბაზრო ღირებულების მქონე მოთამაშე და ცხოვრებას სუფთა ფურცლიდან იწყებენ. როგორც კლუბის გენერალური მენეჯერი, გერმანელი მიხაელ გერლინგერი ამბობს, ყველაზე რთული პერიოდი უკვე ჩავლილია.
„სახელფასო ფონდის 50%-ზე მეტით შეკვეცა მოგვიხდა. ეს ურთულესი, უნიკალური ამოცანა იყო, რომელსაც ამ ზაფხულს თავი გავართვით. რასაკვირველია, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ეკონომიურად მოგვიწევს ცხოვრება, მაგრამ ყველაზე რთული პერიოდი უკვე ზურგს უკანაა’’, ― თქვა მან ინტერვიუში, რომელშიც ჩვენი ყურადღება მიქაუტაძესთან დაკავშირებით დასმულმა კითხვამ მიიპყრო. „ლიონმა’’ ქართველი ფორვარდი სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეს გაყიდა, მალიკ ფოფანა კი დაიტოვა. კითხვაც სწორედ ამას ეხებოდა. რატომ გაყიდეს მიქაუტაძე და არა ფოფანა?
„ჩვენ ორივე ფეხბურთელს ველაპარაკით. პრეზიდენტ მიშელ კანგს მათი აზრი აინტერესებდა. ფოფანამ განგვიმარტა, რომ მას მკაფიო სპორტულ პროექტში უნდოდა მონაწილეობა. სატრანსფერო ბაზრის ბოლოს ვიცოდით, რომ მას „ლიონში’’ უნდოდა დარჩენა და კიდევ ერთი სეზონის გატარება’’, ― უპასუხა გერლინგერმა.
რა შეიძლება დავასკვნათ ამ პასუხიდან? მიქაუტაძემ კლუბის ხელმძღვანელებს უთხრა, რომ ის ბუნდივან სპორტულ პროექტში მონაწილეობაზეც თანახმა იყო, თუ მშობლიური ქალაქიდან და საყვარელი კლუბიდან უნდოდა წასვლა? სავარაუდოდ არც ერთი და არც მეორე. ასე რომ, რატომ გაყიდეს ქართველი და არა ბელგიელი კვლავ მარჩიელობის საგნად რჩება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი12/07/2026 | 12:31სკალონი: კიდევ ერთხელ გაგვიმართლა
მთავარი ამბავი12/07/2026 | 11:08ტუხელი: მენტალიტეტი შეგიძლიათ ბოთლებში ჩამოასხათ და გაყიდოთ, მაგრამ…
სიახლეები11/07/2026 | 09:05კურტუა: მე გასვლა არ მინდოდა
მთავარი ამბავი11/07/2026 | 07:54მთავარი ესპანელი
