ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონი’’ შაბათს, ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონის ბოლო შეხვედრაში „გრუპამა სთეუმზე’’ „ანჟეს’’ უმასპინძლებს და არის საშიშროება, რომ ტრიბუნები კლუბის მეპატრონის ამერიკელი ჯონ ტექსტორის წინააღმდეგ ობსტრუქციას მოაწყობენ. წინა ტურში „ლიონმა’’ მონაკოში ითამაშა და მიუხედავად იმისა რომ სტუმრად იყვნენ, ლიონელმა გულშემატკივრებმა ტექსტორს „ლუი II’’-ის სტადიონზეც უსტვინეს. ამერიკელმა ვითარების ჩაცხრობა სცადა, ფანებთან მივიდა და ფანებს კლუბის ყველანა დავალიანების გადახდა აღუთქვა.
როგორც ირკვევა, მედალს მეორე მხარეც აქვს. ეს მხარე სპორტულია. „ლიონის’’ ხელმძღვანელობას გულშემატკივართათვის მოუწევს ახსნა, თუ რატომ გაუშვა თანამდებობიდან მწვრთნელი პიერ საჟი და მის ნაცვლად რატომ მიიყვანა პაულუ ფონსეკა. როგორც აღვნიშნეთ, შაბათს „ლიონს’’ ბოლო ტურის მატჩი აქვს და მოსალოდნელია, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ადგილს ვერ მოიპოვებს, რაც ქომაგებს გააბრაზებს. კლუბის თანამშრომლები ოფისებთან მივარდნას ელიან.
დუღილის ტემპერატურა მას მერე გაიზარდა, რაც ტექსტორი ჯერ „პარკ დე პრენსზე’’ პსჟ-ს პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფისთან ერთად გამოჩნდა, შემდეგ კი გუნდმა მონაკოში 0:2 წააგო. ადრე ამერიკელ ბიზნესმენს „პარი სენ ჟერმენის’’ შეფისადმი ხისტი დამოკიდებულების გამო აქებდნენ.
„ბოლო შეხვედრა დენთის სუნითაა მოცული. კლუბის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მიმართულმა გულშემატკივრების რისხვამ შეიძლება „გრუპამას’’ სტადიონზე იფეთქოს’’, ― დაწერა რეგიონულმა გაზეთმა Le Progres-მა.
ჯერჯერობით გულშემატკივართა დაჯგუფებებმა Bad Gones (ცუდი ბიჭები) და Lyon 1950 ბანერების გადმოფენა იკმარეს, თუმცა ამჯერად მათი სიბრაზე შესაძლოა სტადიონის ყველა სექტორს გადაედოს. თუ კლუბის ფინანსური მდგომარეობა არ მოგვარდა, არის საშიშროება, რომ „ლიონს’’ ლიგა 1-დან მოკვეთავენ და ლიგა 2-ში ათამაშებენ.
