2025 წლის დაძაბული საფეხბურთო სამთვენახევრის შემდეგ ევროპული კლუბები ისვენებენ, ასპარეზი ნაკრებ გუნდებს ეთმობათ. Maxifoot-მა გადაწყვიტა პაუზით ისარგებლოს და ის შემოსავალი დათვალოს, რომელიც კლუბებმა ჩემპიონთა ლიგიდან მიიღეს. ფრანგული საიტის ინტერესის მთავარი საგანი ცხადია ფრანგული კლუბები, კერძოდ კი „პარი სენ ჟერმენია’’.
ამ ეტაპზე ანუ მეოთხედფინალში საფრანგეთს ეს ერთი გუნდიღა დარჩა. იგი „ასტონ ვილას’’ უნდა შეხვდეს. Maxifoot წერს, რომ პარიზელებს უკვე გვარიანი ჯეკპოტი ერგოთ: ჯგუფური ეტაპიდან, რომელსაც ოფიციალურად ლიგის ეტაპი ჰქვია, კლუბმა მარტო შედეგების გამო 9.1 მილიონი ევრო მიიღო: თითო გამარჯვებისთვის 2.1 მილიონი; თითო ფრისთვის 700 000 ევრო. ამას დაემატა 7.47 მილიონი საერთო ცხრილში მე-15 ადგილზე გასვლისთვის. პლუს, ისევე როგორც ყველა სხვა მონაწილეს პსჟ-ს მონაწილეობისთვის 18.62 მილიონი ევრო ერგო. ამას ემატება ხუთწლიანი და ათწლიანი რეიტინგებისა და სატელევიზიო უფლებებისათვის დარიცხული თანხები: 44.73 მილიონი ევრო.
პორტალი წერს, რომ გარდა ამისა პარიზულ კლუბს ფლეი-ოფში გასვლისთვის ხვდა 1 მილიონი, მერვედფინალში გასვლისთვის 11 და მეოთხედფინალისთვის 12.5 მილიონი. შედეგად, ამ მომენტისთვის შემოსული თანხების ჯამი 104 მილიონ ევროს შეადგენს.
თუ პსჟ-მ წარმატებით თამაში განაგრძო „ასტონ ვილას’’ ძლევა და ნახევარფინალში გასვლა დამატებით 15 მილიონს მოიტანს, ფინალში გასვლისთვის კი ბონუსი 18.5 მილიონი იქნება. იქ გამარჯვებული ზედაც 6.5 მილიონს მიიღებს და გამოდის, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში „პარი სენ ჟერმენი’’ 144.42 მილიონ ევროს მოიპოვებს.
აქ სტადიონის ბილეთებით მიღებული შემოსავალი არ არის ნაგულისხმევი.
ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდების საერთო რეიტინგის ზედა ნაწილი ასეთია:
- ბაიერნი: 105.86
- პსჟ: 104.42
- ინტერი: 103.13
- დორტმუნდი: 102.16
- არსენალი: 101.99
- რეალი: 101.83
- ბარსელონა: 101.56