ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი გუნდი „ნაპოლი’’ სანაკრებო კვირის შემდეგ „მილანს’’ უნდა შეხვდეს. თამაში ნეაპოლში, „მარადონაზე’’ გაიმართება. „პარტენოპეელთა’’ გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ ეს მატჩი მათი გუნდისთვის სკუდეტოსთვის ბრძოლის ბოლო ძლიერი ფაზის დასაწყისი გახდება. მათ განსაკუთრებით ბრაზილიელი გარემარბის დავიდ ნერეშის იმედი აქვთ, რომელმაც კუნთის ტრავმის გამო ხუთი თამაში გამოტოვა. „კორიერე დელო სპორტი’’ წერს, რომ ნერეშმა მიმდინარე სეზონში უკვე გამოიჩინა თავი. ეს მაშინ მოხდა, როდესაც „ნაპოლის’’ ყველაზე კარგი პერიოდი ჰქონდა. შემდეგ კი ბრაზილიელი დაშავდა და ანტონიო კონტეს გუნდის შედეგები გაუარესდა: ერთადერთი მოგება „ფიორენტინასთან’’, ფრეები „ლაციოსთან’’, „ინტერთან’’ და „ვენეციასთან’’ და წაგება კომოში. ნერეშის დაშავება შედეგების გაუარესებასთან მართლა არის კავშირში თუ არა არავინ იცის, მაგრამ ასეთი დამთხვევა რომ მოხდა – ფაქტია.
ხსენებული გაზეთის ჟურნალისტი ფაბიო მანდარინი შეგვახსენებს, რომ ბრაზილიელის არყოფნაში კონტე მარცხენა ფრთაზე ლეონარდო სპინაცოლას და სანახევროდ დაშავებული მატიას ოლივერას ამარა დარჩა. ამან მწვრთნელი აიძულა 3-5-2 და 4-2-3-1 სისტემაზე გადაწყობილიყო. ახლა, ბრაზილიელის დაბრუნება მას საშუალებას მისცემს 4-3-3 განლაგებას დაუბრუნდეს და ეს კონკრეტულად „მილანთან’’ შეხვედრაში წესით კარგი უნდა იყოს. რასაკვირველია კონტე ჯერ აწონ-დაწონის რამდენად სწორი იქნება ჯაკომო რასპადორის სკამზე დასმა, მაგრამ კვლავ სამკაპათი თამაშის შესაძლებლობა მომხიბვლელი ჩანს.
„კორიერე დელო სპორტი’’ წერს, რომ ნერეში „აძურის’’ შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიას ერთადერთი ნამდვილი მემკვიდრეა. მან უკვე დაამტკიცა, რომ „ნაპოლის’’ შეტევის ტემპის ცვლილება შეუძლია: ჯიქურ მიიწევს მეტოქეზე, ქმნის რიცხობრივ უპირატესობას, ეხერხება დრიბლინგი, აწვდის საგოლე გადაცემებს და თამაშს აჩქარებს. მართალია ჯერჯერობით ნერეშს მხოლოდ ორი გოლი აქვს გატანილი, რაც მოკრძალებული შედეგია, მაგრამ რჩება ფუნდამენტურ მოთამაშედ იმ გუნდისთვის, რომელსაც ზოგადად გოლების გატანა უჭირს.
მანდარინი ასეთ ფაქტსაც იხსენებს: ნერეში „ნაპოლის’’ სასტარტო შემადგენლობის მოთამაშე მე-16 ტურში „უდინეზესთან’’ შეხვედრაში გახდა, როდესაც დაშავებული კვარას ადგილი დაიკავა. მაშინ კონტეს გუნდს ცხრილში პირველი ადგილი დაკარგული ჰქონდა, მაგრამ სამ ტურში „ატალანტას’’ დაწევა და გადასწრება შეძლო…
დღეს სხვა, გაუარესებული ვითარებაა. „ინტერმა’’ თავისი უპირატესობა გაზარდა.
ახლა ჩემპიონატის დამთავრებამდე ცხრა ტურია დარჩენილი. „ნაპოლიმ’’ შეტევაში სიმწვავე და სათავისო რიტმი უნდა მოძებნოს. ფეხბურთი სიურპრიზებით არის სავსე და კონტეს გუნდი იმედოვნებს, რომ ერთ-ერთ ასეთ სიურპრიზის სახელია დავიდ ნერეში.