15 მარტს, ფიტნეს კლუბ „ასპრიას“ ვაკის ფილიალის დარბაზში, საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა გაიმართა.
ფედერაციის არჩევნებს ხმის უფლების მქონე 16 დელეგატიდან 11 დაესწრო, რომლებმაც ღია კენჭისყრით ერთხმად აირჩიეს ეროვნული ფედერაციის ახალი პრეზიდენტი – ვახტანგ ნორაკიძე.
არჩევნებზე პრეზიდენტის კანდიდატურა მოქმედ პრეზიდენტს, გოგა დათუნაშვილსაც ჰქონდა დაყენებული, რომელმაც ყრილობის მსვლელობის დროს კანდიდატურა მოხსნა.
ყრილობაზე დამაკმაყოფილებლად შეფასდა ფედერაციის მიერ გასულ წლებში გაწეული საქმიანობა, ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ კი დამტკიცდა ახალი შემადგენლობა და გამგეობა 4 წლიანი ვადით.
ფედერაციის პრეზიდენტმა ვახტანგ ნორაკიძემ, ვიცე-პრეზიდენტების პოსტზე – გოგა დათუნაშვილი, გოგა დათაშვილი და სოფიო ხიდაშელი წარადგინა, საპატიო პრეზიდენტად დავით ხრიკაძე, ხოლო გენერალურ მდივნად რევაზ შავლაძე. ფედერაციის გამგეობის შემადგენლობა 11 წევრით განისაზღვრა.
ვახტანგ ნორაკიძე (საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი) „პირველ რიგში მსურს მადლობა გადავუხადო ყრილობის დელეგატებს და ზოგადად, ბეისბოლის და სოფტბოლის ოჯახს ჩემი მხარდაჭერისთვის და პრეზიდენტად არჩევისთვის.
ბეისბოლი ჩემთვის მართლაც განსაკუთრებული სპორტის სახეობაა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული აქტიურად ჩართული ვარ ბეისბოლში და ახლა მსურს ჩემს გუნდთან ერთად მაქასიმუმი გავიღო სპორტის ამ სახეობის სამომავლო განვითარებისთვის.
მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს. განსაზღვრულია მთავარი პრიორიტეტები და მიმართულებები. სპორტის სამინისტროსთან და ჩვენს მხარდამჭერ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, სპორტის ამ ჩვენთვის ყველასათვის გამორჩეული სახეობის განვითარებისთვის ძალებს არ დავიშურებთ, წინ დიდი გამოწვევებია!“