Khvicha Kvaratskhelia of PSG, left Geoffrey Kondogbia of Marseille during the Ligue 1 football match between Paris Saint-Germain and Olympique de...კარგი თამაშის მიუხედავად „მარსელმა’’ „პარი სენ ჟერმენთან’’ ფრანგული კლასიკო წააგო: 1:3. მატჩის შემდეგ სტუმართა მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ თქვა: „თქვენ ამას კლასიკოს ეძახით, მაგრამ გუნდების შედარება კლუბების ეკონომიკური სიძლიერიდან გამომდინარე შეუძლებელია. კლასიკო ისაა, როდესაც ორი მხარე ერთმანეთს ებრძვის, ერთი რომ დარტყმას მიაყენებს, მეორე უპასუხებს. მე მიყვარს კონკურენცია, ზეწოლის ქვეშ ყოფნა, მაგრამ პარიზსა და მარსელს შორის ასეთი რამ არ არის. შეიძლება გიჟი დამიძახოთ, მაგრამ მე მოვლენებს ასე ვხედავ. სინამდვილეში არანაირი კონკურენცია არ არსებობს’’.

შემდეგ კი დე ძერბიმ გაშვებულ გოლებზე გაამახვილა ყურადღება: „პირველი ტაიმის გამო გული დამწყდა. ორი გოლი ისეთ ვითარებაში გავუშვით, რომელთა წაკითხვა წესით ადვილი უნდა ყოფილიყო. გატანის შესაძლებლობაც გვქონდა. მეტოქე ხიფათში ჩავაგდეთ, განსაკუთრებით ამარ დედიჩის ეპიზოდის დროს. შესვენების მერე ამინ გუირიმ ჩვენს გარჯას ხორცი შეასხა, გოლი გაიტანა. სამწუხაროა, რადგან ეს ყველაფერი მოხდა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ შეხვედრაში. შინ დაღონებული ვბრუნდები. სამი სულელური გოლი გავუშვით. მათი თავიდან აცილება რასაკვირველია შეიძლებოდა. პირველის გამო „რეიმსთან’’ თამაშამდე კოშმარები შემაწუხებს’’.

„პარი სენ ჟერმენზე’’ კი იმის თქმა შეიძლება, რომ გუნდმა დიდებული კვირა მდევართან 3:1 გამარჯვებით ანუ ასევე დიდებულად დაასრულა. „ლივერპულის’’ ძლევიდან ხუთი დღის შემდეგ პარიზული გუნდი ჯერ კიდევ დაღლილი ჩანდა, მაგრამ შეტევაში მაინც ამწვავებდა თამაშს. ამ გამარჯვების წყალობით პსჟ-მ „მარსელთან’’ 19-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.

Maxifoot-მა ხვიჩა კვარაცხელიას 6.5 ქულა დაუწერა. ქართველმა მოედანზე 80 წუთი დაჰყო. საიტმა თავისი შეფასება სიტყვიერად ასე გამოხატა: „ახალ გუნდში თავს სულ უფრო და უფრო კომფორტულად გრძნობს. ამ საღამოს ქართველმა კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი ტექნიკური უნარები. მისი ყველა კონტროლი, პასი თუ დრიბლინგი სრულყოფილებამდე იყო აყვანილი. მან შექმნა პარიზელთა პირველი გოლი, როდესაც ფაბიან რუისს თავით პასი გადაუგდო, ესპანელმა კი ოსმან დემბელეს გაატანინა’’.

Flashscore-მა კვარაცხელიას 7.1 დაუწერა, sofascore-მა 6.6, ხოლო whoscored-მა 6.8.