Lucas PERRI of Lyon during the Ligue 1 McDonald's match between Lyon and Paris at Groupama Stadium on February 23, 2025 in Lyon, France.„ლიონის’’ „გრუპამა სტედიუმს’’ ჩრდილოეთ ტრიბუნის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია და კლუბს 10 000 ევროს აქვს მისჯილი. მიზეზი: 23 თებერვალს „პარი სენ ჟერმენთან’’ შეხვედრის დროს ქომაგებმა პიროტექნიკა გამოიყენეს; მრავლად იყო ზეპირი თუ წერილობითი შეურაცხყოფაც’’. ის შეხვედრა 2:3 დამთავრდა, საუკეთესო ფეხბურთელად კი ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს.

ერთ-ერთ ბანერზე ეწერა: „ლებრუნ, კორუმპირებულო, ნასერის წინაშე მუხლებზე დგახარ. შენ ფრანგული ფეხბურთის სირცხვილი ხარ’’. „მარსელის’’ ყოფილი შეფი ვენსან ლებრუნი საფრანგეთის პროფესიული ლიგის პრეზიდენტი გახლავთ, ხოლო ნასერ ალ-ხელაიფი რომ „პარი სენ ჟერმენის’’ პრეზიდენტია, ყველამ იცის.

„ლიონის’’ აღმასრულებელმა დირექტორმა ლორან პრიუდომმა სააგენტო „ფრანს პრესს’’ უთხრა, რომ კლუბი გასაჩივრებას არ აპირებს, მაგრამ სტანდარტი ყველასთვის ერთი უნდა იყოს. პირველ წრეში პარიზში პსჟ-ს ქომაგები ლიონელებს იმდენად შეურაცხყოფდნენ, რომ თამაში ოთხი წუთით შეწყდა. შემდეგ კი… ყველაფერი ძველებურად გაგრძელდა. სტუმარი გუნდის ხელმძღვანელობამ ღვარძლს ვერ გაუძლო და ვიპ-ლოჟა 85-ე წუთზე დატოვა. ამისთვის პარიზული კლუბი მხოლოდ 2000 ევროთი დააჯარიმეს.

კვირას, „ლე ავრთან’’ შეხვედრაში „ლიონს’’ სტადიონზე 6 000 შშმ ბავშვის მიყვანა და მათი სანქცირებულ ტრიბუნაზე დასმა ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ საფრანგეთის პროფესიულმა ლიგამ ნება არ დართო: კანონი კანონია ანუ სანქცირებულ ტრიბუნაზე არავინ უნდა იჯდესო.