„ლივერპული’’ რომ პრემიერლიგის ჩემპიონი გახდება წყალი არ გაუვა, მაგრამ ფედერიკო კიეზა შეიძლება ტიტულის გარეშე დარჩეს. საქმე ის არის, რომ ინგლისური წეს-კანონის თანახმად მედალი ერგებათ მხოლოდ იმ ფეხბურთელებს, რომელბიც სულ მცირე ხუთ შეხვედრაში მაინც მიიღებენ მონაწილეობას. ჯერჯერობით კიეზა სამჯერ იყო მოედანზე.
შეგახსენებთ, რომ იტალიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად მიჩნეული კიეზა „მერსისაიდელებმა’’ ზაფხულში 15 მილიონ ევროდ შეიძინეს და 2028 წლამდე გაუფორმეს კონტრაქტი. როგორც იტალიური პრესა წერს, ზარალის თავიდან ასაცილებლად ინგლისურმა კლუბმა ის ზაფხულში სულ მცირე 11.25 მილიონ ევროდ მაინც უნდა გაყიდოს.
ბუნებრივია, რომ წარსულში ცნობილი ფორვარდის ენრიკო კიეზას საკლუბო ფეხბურთს ჩამოცილებული ვაჟი ნაკრების რადარებიდანაც დაიკარგა. ლუჩანო სპალეტიმ ის ბოლო შეხვედრებში არ გამოიძახა. ცოტა ხნის წინ კი „სკუადრა აძურას’’ თავკაცმა თქვა: „მინდოდა კიეზა უფრო მეტ შეხვედრაში მენახა, მაგრამ არ ათამაშებენ…’’
დღეს ისე ჩანს, რომ ფედერიკო კიეზამ კარიერა ინგლისის გარდა ყველგან შეიძლება გააგრძელოს. ყველაზე მეტი ვარიანტი იტალიიდან ჩანს, მაგრამ ხელფასის პრობლემაა. ფეხბურთელს მისი შემცირება მოუწევს. კიეზას შეძენას საახალწლოდ „ნაპოლი’’ და „ატალანტა’’ აპირებდნენ, თუმცა ბოლოს ორივე კლუბმა უკან დაიხია. ზაფხულში ამ ორის გარდა ვაჭრობაში ალბათ „ინტერიც’’ ჩაერთვება.
„ლივერპულის’’ გულშემატკივრები კი ამასობაში სოციალურ ქსელებში ხუმრობენ: „კიეზა ის კაცია, რომელსაც ჩვენ, ფანები შურით შევყურებთ: წინა რიგში აქვს აბონემენტი და თამაშების ყურებაში კვირაში 140 ათას გირვანქას უხდიან’’.