სულ ცოტა ხნის წინ ბევრს აინტერესებდა შეძლებდა თუ არა „პარი სენ ჟერმენი’’ „ლივერპულისთვის’’ წინააღმდეგობის გაწევას. დღეს გულშემატკივართა დიდ ნაწილს გაუჩნდა კითხვა, რამდენად შეძლებენ მერსისაიდელები პარიზელთა იმ ფეხბურთთან გამკლავებას, რომელიც მათ „პარკ დე პრენსზე’’ აჩვენეს.
მიუხედავად 0:1 მარცხისა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში ლუის ენრიკეს გუნდმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. როგორც ჩანს პსჟ-ს ფეხბურთელების ოსტატობა ლივერპულელმა მოთამაშეებმაც დააფასეს. სწორედ ამაზე მეტყველებს მათი კომენტარები დღევანდელი საპასუხო მატჩის წინ.
„პარიზში მათ აჩვენეს, თუ რა კარგი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ. მათ განსაკუთრებული გუნდი ჰყავთ, რომლის ბადალს ამ სეზონში შეიძლება ითქვას, რომ არ შევხვედრივართ’’, – თქვა მარცხენა მცველმა ენდი რობერტსონმა.
„ჩვენ პირველად ვეთამაშეთ ასეთი ხარისხისა და ინტენსივობის გუნდს. ის ყველაზე სრულყოფილია მათ შორის, ვისაც დღემდე შევხვედრივართ. გვინდა სამშაბათს ბურთი გაცილებით მეტად ვაკონტროლოთ, ვიდრე ეს წინა კვირაში შევძელით. თუმცა, მაშინაც, როდესაც პარიზელები ბურთს არ ფლობენ, მათი თამაში ძალიან ინტენსიურია, რის წყალობითაც მომენტებს უხვად ქმნიან. როდესაც ჩვენი კომბინაციების აწყობას ვაპირებდით, ისინი მათ გვიშლიდნენ’’, – დასძინა „ლივერპულის’’ მწვრთნელმა არნე სლოტმა.
„თავად ნახავდით, თუ რა სამუშაო გაუწევიათ მათ. პსჟ-ს თამაში განსაკუთრებით კონტრპრესინგის კუთხით შევისწავლეთ და ვნახეთ, რომ როდესაც ისინი ბურთს კარგავდნენ, ყველანი ერთად მორბოდნენ მის დასაბრუნებლად. ასეთი სამუშაოსთვის მათი მწვრთნელი ქების ღირსია. ჩემი აზრით მან მსოფლიო კლასის გუნდი შექმნა, რომლის წინააღმდეგ სამშაბათს რთული თამაში გველის’’, – ტაქტიკურ მხარეს გაუსვა ხაზი კაპიტანმა ვირჯილ ვან დაიკმა.