„მილანში’’ ფრანგი ლატერალისთვის თეო ერნანდესისთვის შესაძლოა ბოლო გაზაფხული დადგა. მისი მოლაპარაკებები კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით კლუბთან ჯერჯერობით მძიმედ მიმდინარეობს. ამას ემატება ფეხბურთელის რამდენიმე საქციელი რომელმაც კლუბი გააღიზიანა და ბოლოს — მისი თამაში ხშირად ძველებურ სტანდარტს აღარ შეესაბამება. არადა, ერნანდესისგან „სან სიროზე’’ სხვა დონის ფეხბურთს არიან დაჩვეულები.
„ლეჩესთან’’ შეხვედრაშიც კი რამდენიმე გაბრწყინების მიუხედავად მარსელში დაბადებულ-გაზრდილი ვარსკვლავის თამაში მთლად დამაკმაყოფილებელი არ იყო.
ამასობაში, „მილანის’’ ხელმძღვანელებმა „ბიუგეში’’ 24 წლის მარცხენა მცველს მაქსიმ დე კუიპერს მიაგნეს და დიდი შანსია ფრანგის გაყიდვა მოინდომონ. გარდა ამისა TeleLombardia-ს ჟურნალისტმა სტეფანო დონატიმ გაავრცელა ცნობა, რომ თეო ერნანდესი გუშინ „ყავის დასალევად” შეხვდა პაოლო მალდინის. ერნანდესმა და მალდინიმ იმდენ ხანს ილაპარაკეს, რომ თუ მართლა ყავას სვამდნენ წესით ცუდად უნდა გამხდარიყვნენ. ის, რომ ეს ორი ადამიანი ერთმანეთს დიდ პატივს სცემს საყოველთაოდ არის ცნობილი. შეიძლება ითქვას, რომ პირველი ვინც ლომბარდიის დედაქალაქში ერნანდესის ძლიერი ფეხბურთელობა იწამა სწორედ მალდინი იყო, მაშინ ჯერ კიდევ მწვრთნელი. შემდეგ თეო „როსონერის” ისტორიაში მცველთა შორის ყველაზე მეტი გოლის ავტორი გახდა. ამით მან სწორედ მალდინის გადაასწრო.
კერძოდ რა ილაპარაკეს „მილანის’’ ლეგენდამ და ფეხბურთელმა უცნობია, მაგრამ შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ფრანგი ზაფხულში „სან სიროს’’ დატოვებს. მისი ახლანდელი კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. სადღეისოდ თეო ერნანდესის საბაზრო ღირებულება 50 მილიონი ევროა.