„პარი სენ ჟერმენისა’’ და „ლივერპულის’’ (0:1) მატჩის დამთავრების შემდგომ პრეს-კონფერენციაზე პარიზელთა გუნდის მწვრთნელ ლუის ენრიკეს უთხრეს, თქვენი სათამაშო სისტემა რთულია, ის ბევრ გადაადგილებას მოითხოვს, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია მას წარმატებით შეერწყა; იქნებ ამის შესახებ უფრო დეტალურად გვითხრათო.
ლუის ენრიკემ უპასუხა: „ჩემს სისტემასთან ადაპტაცია ძალიან ადვილია. იმისათვის რომ პსჟ-ში ითამაშო დიდი ფეხბურთელი უნდა იყო, მაგრამ მე ცალკეულ მოთამაშეზე ყურადღების გამახვილება არ მინდა. მირჩევნია გუნდზე ვილაპარაკო, იმ გამოცდილებაზე, რომელიც ზრდაში გვეხმარება. არ ვიცი გავალთ თუ არა შემდეგ ეტაპზე, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ’’.
Maxifoot-მა პარიზელთაგან ყველაზე მაღალი შეფასება (7) ოთხ ფეხბურთელს დაუწერა: ვილიან პაჩოს, ვიტინიას, ხვიჩა კვარაცხელიასა და ოსმან დემბელეს. კვარაცხელიას შესახებ პორტალმა ასე დაწერა:
„მარცხნიდან, შუიდან თუ მარჯვნიდან ქართველი მეტოქის დაცვას გვარიანად აწვებოდა. ერთ მომენტში ყოფილ ნეაპოლელს ეგონა, რომ ანგარიში გახსნა, მაგრამ გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაუთვალეს. შემდეგ კი ალისონმა დიდებულად აუღო მარცხენა ძელთან დარტყმული’’.
Flashscore-მა კვარაცხელიას 7.5 ქულა დაუწერა (მასზე მეტი მარტო დემბელეს არგუნა: 7.8); sofascore-ის შეფასებით ქართველმა და დემბელემ ერთნაირად 7.8-ზე ითამაშეს, მათზე მეტი ქულა (7.9) კი ვიტინიამ და მენდეშმა დაიმსახურეს; ხოლო საიტი whoscored მენდეშს 7.8 ქულას უწერს, დემბელეს და ვიტინიას 7.4-ს, კვარაცხელიას კი 7.2-ს.
Maxifoot-მა საკუთრივ მატჩი 10-დან 6 ქულით შეაფასა და თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა: ყველანი ამაღელვებელ თრილერს ველოდით, მის ნაცვლად კი 90-წუთიანი ცალკარა ვნახეთ. პარიზელები „წითლებს’’ ტოტალურად სჯობდნენ, ისინი მოედნის ყველა მონაკვეთზე დაჩრდილეს. „ლივერპულს’’ არჩეული ჰქონდა ტაქტიკა, რომელიც პსჟ-ს ხიფათს ვერ მიაყენებდა. საფრანგეთის ჩემპიონმა შოუ დადგა, მაგრამ წააგო. ინგლისურმა კლუბმა ერთადერთი მომენტი შექმნა და გოლი შეაგდო.